კახა კალაძე – თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება – იგეგმება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ასევე 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება.
მისი თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასრულებული სახით თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში გაეგზავნება.
კალაძემ დოკუმენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„დღევანდელი მონაცემებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, ორი ასეულით მეტია. ბიუჯეტში ტრადიციულად ჭარბობს სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის მიმართულება. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა იმ ოჯახს, ყველა ადამიანს დავუდგებით გვერდით, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერას და თანადგომას. არასდროს დაგტოვებთ თქვენი პრობლემების პირისპირ და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და ვეცდებით, შეგიმსუბუქოთ ყოფა. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ სოციალური პროგრამების მიმართულებით ბიუჯეტში თანხა დაახლოებით, 530 მილიონ ლარს შეადგენს.
ასევე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლისთვისაც 740 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მათ შორისაა გარდამავალი პროექტები. ეს არის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, ახალი ავტობაზის მშენებლობა, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე გამსვლელი საგზაო კვანძის მოდერნიზაცია, უნივერსიტეტისა და შავიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, გახოკიძისა და ბურჯანაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, ე.წ. კადეტთა კორპუსის, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულის სასახლის რეაბილიტაციის პროექტები.
2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება და სხვა ბევრი პროექტი, რომლის შესახებაც ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას,“ – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე