ვიღაცებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა ჩვეულებრივი რამაა, რეალურად კი, როდესაც თავად აწყდებიან იმავე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ არ შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, სადაც ის აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
კალაძის თქმით, აღნიშნული ორმაგი სტანდარტია.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ხომ იცით, ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. იმის, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად, როდესაც თავად აწყდებიან იმავე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ არ შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, პატარა ქვეყნების მიმართ, ისეთის, როგორიც საქართველოა. არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, უდიდესი ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
