ეს კანონები კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოში არის პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც არ მისცა [უფლება] ადამიანებს, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხდა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს.
მისივე შეფასებით, ევროკავშირიდან შანტაჟი, მუქარა გრძელდება, თუმცა „ქართული ოცნება“ მზად არის დისკუსიისთვის.
„ჩვეულებრივად შანტაჟი გრძელდება. აქ ახალი არაფერია. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმონოთ რატომ არის მაგალითად: „გამჭვირვალობის შესახებ კანონი” ცუდი და პრობლემას რატომ წარმოადგენს, ან რაში ეწინააღმდეგება, ხელს უშლის დემოკრატიულ განვითარებას, პროცესებს. დღემდე ჩვენ არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია. ასევე, საუბარი იმ კანონთან დაკავშირებით იყო, რომელიც ოჯახური სიწმინდისთვის მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ „ქალი ქალია, კაცი კაცია“. ჩვენ საქართველოში ყველა ადამიანის უფლებებს ვიცავთ. ნებისმიერი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები დაცულია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სარწმუნოებისა, სექსუალური დამოკიდებულებისა და ა.შ. ყველას კანონი იცავს. თუკი რაიმე არგუმენტები წარმოდგენილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, აღნიშნულ დისკუსიაში ეს ყველაფერი მოვისმინოთ.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის თემას, თქვენ გახსოვთ, რომ სრულიად ყველანაირი არგუმენტების გარეშე ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მისცეს. მაშინ, როდესაც პირველი, ვინც კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, ეს ჩვენი ქვეყანა იყო. მაშინ აღნიშნული მიმართულება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქართველი ხალხი და საქართველო დაეჩაგრათ. ცოტა მოგვიანებით კი მოუწიათ კანდიდატის სტატუსი მოეცათ, მაგრამ ამას ახსნა-განმარტება არ ჰქონდა. ერთადერთი ახსნა იყო, რომ აღნიშნული საკითხი პოლიტიკურად გამოიყენეს და მცდელობა ჰქონდათ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ. მარტივი „მესიჯი” ჰქონდათ, რომ „აი, თქვენ ქართველი ხალხი იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება ცუდი გყავთ”. ეს ყველაფერი ხალხმა ძალიან კარგად და სწრაფად გაანალიზა, დღესაც იგივე ხდება, როდესაც საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ამ შემთხვევაშიც შანტაჟი, მუქარა გრძელდება, რომელიც გააქტიურდა და დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. ეს არის უბრალოდ ფარი, რომ ვითომ აღნიშნული კანონმდებლობა პრობლემას წარმოადგენს. როგორ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას გამჭვირვალობა?! ყველა, ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს, რომ შეკითხვა დაუსვათ – რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? – ბუნებაში არ არსებობს, რომ გამჭირვალობა ცუდი იყოს. მაშინ როდესაც სხვა, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აღნიშნული კანონმდებლობა ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. არგუმენტი არ არსებობს. იცით მთავარი რა არის? – ეს კანონები კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოში არის პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც არ მისცა [უფლება, შესაძლებლობა] ადამიანებს, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა. ეს არის ის შედეგი, რაზეც გვებრძვიან და რაზეც მცდელობა აქვთ, რომ როგორმე დღევანდელი ხელისუფლება ჩამოაგდონ, მოიშორონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ აგენტურა – ადამიანები, რომლებიც ერთი ხელის მოქნევით ყველაფერს გააკეთებენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რატომ უნდა დაკარგონ ადამიანებმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული სიკეეთები, კალაძე აცხადებს, რომ „არ უნდა დაკარგონ”.
„ჩვენი სწრაფვაა – ევროპული ინტეგრაცია, ევროპული მომავალი. ეს კონკრეტული ბიუროკრატები ხომ არ არის? ჩვენ რატომ გვინდა ევროპა? – სამართლიანობა, ადამიანის უფლებები. დღეს, ამ ყველაფრისგან ევროპული ბიუროკრატია დაცლილია. ჩვენ ევროპა იმის ხარჯზე კი არ გვინდა, რომ ქვეყნის ინტერესები დაითმოს და აქ ყველაფერი განადგურებული იყოს, ასევე, ქვეყანა ცეცხლში გახვეული იყოს. ამის ხარჯზე ჩვენ არ გვინდა ევროპული მომავალი! დღესაც შანტაჟი, შემოტევები გრძელდება და არსად არ გამქრალა ის საშიშროება, რომ ქვეყნის ჩართვა უნდათ ომში და მეორე ფრონტის გაჩაღება”, – აღნიშნა კალაძემ.
