ვერ წარმომიდგენია, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი შანტაჟის ქვეშ, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნის თემით – საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე ვხედავთ „დადგმულ სპექტაკლებს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის არ იბრძვის“.
„ჩვენ და საზოგადოებამ რეალურად დაინახა, რა ხდება და რა პროცესები მიდის. ამ დღეების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თითქოს ადამიანები აპროტესტებდნენ იმას, თუ როგორ შეიძლება 2028 წლამდე არ ვიყოთ მათხოვრის როლში და არ ვექვემდებარებოდეთ იმ შანტაჟს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და რაც აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელია. ვერ წარმომიდგენია, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი შანტაჟის ქვეშ, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნის თემით. ეს იყო ვითომ ძირითადი მღელვარების საგანი, თუმცა დღეს ყველაფერი გამოიკვეთა. დღეს ხომ ყველაფერი ხელისგულზე დევს?
დადონ მოლაპარაკების გახსნის დოკუმენტი და დღესვე ხელს ვაწერთ. მაგრამ არა, ეს არ არის მთავარი. ეს რომ მთავარი ყოფილიყო და აწუხებდეს, იმ ვითომ ამით გაღიზიანებულ ადამიანებს, მაშინ გამოვიდოდნენ აქციებზე, როდესაც კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ასოცირების ხელშეკრულება ჩავარდნილიყო; რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეღო ქვეყანას. ვინმე გინახავთ მაშინ გამოსულიყო, რომ ეაქტიურა და პროტესტი გამოეხატა? ფარისევლები არიან ჩვეულებრივად, ამას ყველაზე არ ვამბობ.
აქციებზე, გამოვა ვიღაცა სახეზე აფარებული ნიღბით და ლანძღავს „ნაციონალურ მოძრაობას“, აგინებს მიხეილ სააკაშვილს, აგინებს ვიღაც სხვა წარმომადგენელს – ეს არის ჩვეულებრივი დადგმული სპექტაკლები. ამით იმის მცდელობა აქვთ, რომ აჩვენონ – არა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ იბრძვის იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, აგერ არიან სხვა პარტიებიცო. ვისგან შედგება ეს პარტიები გავიაროთ და ინდივიდუალურად ვნახოთ. ყველა იმ ბოროტებაში და იმ სისხლიან რეჟიმში აღმოცენებული ელემენტები არიან.
საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება, ხალხის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, ჩვენს ქვეყანას არის თავს მოხვეული და ფინანსდება გარედან. ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.