ვფიქრობ, ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც უშუალოდ მისი ჩართულობით, ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალების და დამხობის რამდენიმე სცენარი აარიდა ქვეყანას თავიდან, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის მიერ გაწეულ მუშაობას.
მისივე შეფასებით, ვახტანგ გომელაური „ღირსეული ადამიანი და ღირსეული მინისტრი იყო“.
„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო ვახტანგ გომელაური, რომელმაც უშუალოდ მისი ჩართულობით, ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალების და დამხობის რამდენიმე სცენარი აარიდა ქვეყანას თავიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და შემდეგ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო. მართლაც ღირსეული ადამიანი და ღირსეული მინისტრი იყო. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამასთან, ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ახალ მინისტრს მინდა წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე: რამდენად შესაძლოა ვახტანგ გომელაურის გადადგომის შემდეგ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებიც გასული თვეების საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, „რომელიც პროცესშია და დაველოდოთ, ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება“.
„რაც შეეხება აქციას, ზოგადად ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და უმაღლეს დონეზეა. ნებისმიერ ადამიანს და დაჯგუფებას შეუძლია მისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან მიმართებით გამოხატოს, მაგრამ ეს მშვიდობიანი ფორმით და კანონის ფარგლებში უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ერთი, ორი, ხუთი, თუ ათი მოქალაქე, რომელიც გასცდება კანონის ფარგლებს და გადადის ძალადობაზე, აყენებს სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას სამართალდამცველებს, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
თქვენ გაქვთ ნანახი კადრები, როდესაც აქციის მონაწილეები პირდაპირ უსწორდებოდნენ პოლიციის თანამშრომლებს, მძიმე საგნებს – ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ა.შ. – ესროდნენ. ცხადია, ამას ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში რეაგირება მოჰყვება.
თქვენი სურვილია, რომ პოლიცია დაჩმორებული იყოს, თქვენი სურვილია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არ მუშაობდნენ და დაჩმორებულები იყვნენ. მაგას თქვენ ვერ ეღირსებით! დღეს, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფო არის ძლიერი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქის ინტერესს იცავს.
ჩვენ ვნახეთ, ჟურნალისტებთან დაკავშირებით რამდენიმე მძიმე ფაქტი, რაც კატეგორიულად მიუღებელია, დაუშვებელია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია, რომელიც პროცესშია და დაველოდოთ, ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება“, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“.როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული.შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
