ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია, რომ ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში და ის მინიმალური მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ, ისიც განულებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.
კალაძის განცხადებით, როდესაც ემსახურები არა საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს და ხარ დამოკიდებული გარე ძალებზე, ვერ გექნება საზოგადოების მხარდაჭერა.
„თქვენ იცით, არაფორმალური მმართველობა დღეს როგორ არის მთელ მსოფლიოში გაბატონებული და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის.
ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ კონკრეტულ დაჯგუფებას, რომლებიც გარედან იმართებიან, ჰყავთ თავიანთი პატრონები, იღებენ მითითებებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩართულები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდნენ, როდესაც ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.



