ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეუთო/ოდირის იმ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებენ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება გასაგებია.
„სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. თან იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნასა და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. გადაუარეს, ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს ებრძვიან. მესმის ამ ორგანიზაციის – თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაეხვიონ“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.
როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.
