კახა კალაძე ევროპარლამენტში დებატებზე – არიან ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას – საქართველო აგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციისკენ, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, განცხადებები, რომლებიც შანტაჟზეა დაფუძნებული

ცხადია, არსებობენ ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, თბილისის მერი, ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხს შეეხებოდა.
კალაძის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის „განცხადებები და ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე და შანტაჟზე არის დაფუძნებული”.
„რეალურად, რა ხდება: საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, იმაზე, რომ ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა, გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი აწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს, სტატუსი დანაშაულს ფარად ვერ აღუდგება, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ ჟურნალისტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ”,-განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას – „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. რეზოლუციის თანახმად, “ევროპარლამენტი
მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;
მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე”.