კახა კალაძე – დედაქალაქის ბიუჯეტი იქნება 1 963 000 000 ლარი – ასეთი ბიუჯეტი თბილისს არ ჰქონია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 1 963 000 000 (მილიარდ 963 მლნ) ლარი იქნება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თბილისის მერიას გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში.
„მინდა, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო გასული წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. 2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 (მილიარდ 763 მლნ) ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 (მილიარდ 963 მლნ) ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება. ყველა, ვისაც ამ ქალაქის წინსვლა და განვითარება უხარია, ვფიქრობ, ხედავს 2017 წლიდან როგორ იცვლება ჩვენი ქალაქი. რამდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ცხადია, ამ სამუშაოებს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია“,-განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დამატებით რესურსებთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატებთან ერთად იმუშავებენ და აღნიშნული თანხები კონკრეტული მიმართულებებით გადანაწილდება.
„უახლოეს მომავალში თბილისის მოსახლეობას დამატებით გავაცნობთ ინფორმაციას, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება. დედაქალაქის ბიუჯეტი იქნება 1 963 000 000 (მილიარდ 963 მლნ) ლარი. ასეთი ბიუჯეტი ჯერ დედაქალაქს არ ჰქონია. მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ განაწილდება აღნიშნული თანხები და რა პროექტები იქნება 2024 წლისთვის“,-განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ “ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

ირაკლი კობახიძე – ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს – გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს