თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საცობები დედაქალაქის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომლის მიზეზი “ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა”. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პიკის საათში ქალაქის ქუჩებში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს.
კალაძის თქმით, არსებულ პრობლემას გუშინ, 13 დეკემბერს, დაემატა ვაკე-საბურთალოს მიდამოებში მომხდარი 54 ავტოსაგზაო შემთხვევა.
“ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები”, – ამბობს იგი.
თბილისის მერი აღნიშნავს, რომ საცობების მიუხედავად, ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ აქვს გადაუდებელი დახმარების მანქანებს:
“მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაადგილება, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ საზოგადოებას იმის კულტურა აქვს, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ”.
გუშინ, 13 დეკემბერს, დედაქალაქის არაერთ ქუჩაში იყო საცობი. მოქალაქეებმა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მოხვედრას გაცილებით დიდი დრო მოანდომეს. მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის პოლიტიკაა, შემცირდეს ავტომობილზე დამოკიდებულება – ამისთვის ქალაქში შემოჰყავთ 18-მეტრიანი ავტობუსები.