არავის მივცემთ უფლებას, რომ მითითებები მოგცეს, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. არ მოგწონთ ეს კანონი?! – მოდით ხელისუფლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „რადიკალებს“ საკუთარი ინტერესები აქვთ, „სურვილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო დაგვეკარგა“.
„ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, თუ რატომ არის „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული კანონი და რას ეწინააღმდეგება. საგიჟეთი, გაუგებარია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს და ყველაფერს ხვდება, რა მოცემულობაა, რა ზეწოლაა, შემოტევები.
ჩვენ ამ ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, წინ სვლას. არავის მიეცემა უფლება, რომ მითითებები მოგცეს, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. არ მოგწონთ ეს კანონი?! – მოდით ხელისუფლებში. დღეს უმცირესობაში ხართ და ასე იქნება ბევრი ხნის განმავლობაშიც. ეს ადამიანები, ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებენ. მათ ჰყავთ საკუთარი პატრონები, საკუთარი ინტერესები აქვთ. ადამიანი თუ გაანალიზებს მათ ქმედებებს განცხადებებს მეორე ფრონტზე, სანქციებს უნდა მიერთებულიყო ქვეყანა. დღეს რომ სანქციებზე ვყოფილიყავით მიერთებული. ერთი ტყვია გავარდნილიყო, სად ვიქნებოდით? სახელმწიფო შესაძლოა დაგვეკარგა. ამის სურვილი ჰქონდა ამ ბინძურ რადიკალებს, ამის შესაძლებლობა არ მივეცით. ამის შედეგად უამრავი ცილისწამება, შეურაცხყოფა მივიღეთ. უპირველეს ყოვლისა სამშობლო და ჩვენი ქვეყანა“,- აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა სპექტაკლის შემდეგ აღნიშნა: „არა რუსულ კანონს“, კალაძემ განმარტა:”ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანებზე. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა?! დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი“.