კახა კალაძე – არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი, თუმცა ეს მაღალი დონის შეხვედრები ჩვეულებრივ პროცესში იმართება – ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ და გარედან რასაც ეტყვიან, აკეთებენ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვის აზრს ვერ ხედავს.
მისივე თქმით, ოპოზიური პარტიები იმ განცხადებებს აჟღერებენ, რასაც გარედან დაავალებენ.
„არ ვიცი, ამ რადიკალებთან შეხვედრას რამდენად აქვს აზრი, თუმცა ეს მაღალი დონის შეხვედრები ჩვეულებრივ პროცესში იმართება და მიმდინარეობს. მაგალითად: ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ეუთო-ს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია ჩამოსული. ის გუშინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა და ასევე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი საერთოდ არ აღიარებენ, თუნდაც ეუთო/ოდირის დასკვნა გავიხსენოთ და ასევე, ის განცხადებებიც გავიხსენოთ, რაც ამ დასკვნის მიმართ კეთდებოდა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. გარედან ეტყვიან, რომ ასე უნდა გააკეთონ და აკეთებენ. ეტყვიან: „გააჟღერეთ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებთ”, მერე ისინი ამას აჟღერებენ. შემდეგ გარედან ეტყვიან, რომ [არჩევნებში] მონაწილეობა უნდა მიიღოთ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ. მათ საკუთარი პრინციპები არ გააჩნიათ. ჯერ ერთმანეთს ლანძღავდნენ – ერთმანეთს დედას აგინებდნენ, მერე უცებ ერთიანდებიან. არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ისინი იმართებიან გარედან, მათ თავიანთი პატრონები ჰყავთ. როდესაც შენ ხარ აგენტი, კითხვის დასმის უფლებაც არ გაქვს, რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ”, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძის განმარტებით, არანაირ ოპოზიციური პლატფორმების და ფანჩატურების შექმნას აზრი არ აქვს, რადგან მისი შეფასებით, როდესაც “პირი სამშობლოს წინააღმდეგ მიდის, მას ვერანაირი პლატფორმა ვერ უშველის”.
“არანაირ პლატფორმებს აზრი არ აქვს. ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს ასეთი პლატფრომებიც, ფანჩატურებიც. გავიხსენოთ “შალიკოს ფანჩატური” და სხვები, არანაირი აზრი არ აქვს. შენ როდესაც აგენტი ხარ და შენი ქმედებებით მიდიხარ ქვეყნის წინააღმდეგ, სამშობლოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ვერანაირი პლატფორმა ვერ გიშველის. რადიკალიზმი და მარგინალები ყოველთვის დამარცხდებიან და მარცხისთვის განწირულები იქნებიან”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
რაც შეეხება პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა დღეს უკვე გამართეს, ხოლო ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები