თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თანხის საბანკო ანგარიშებზე შენახვას კრიპტოვალუტაში დაბანდებას არჩევს. გასულ, 2024 წელს მან 4 645 315 დოლარის ბიტკოინი იყიდა. ინფორმაცია ასახულია მის ახალ დეკლარაციაში, რომელიც 2025 წლის 31 მაისს შეავსო.
დეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა.
წლების წინ თბილისის მერი ფულს იტალიურ (Intesa Sanpaolo Bank – $4 200 000) და შვეიცარულ (Julius Baer – 3 672 375 ევრო და $765 000) ბანკებში ინახავდა. ამას მოწმობს 2022 წელს შევსებული დეკლარაციაც. 2023 წელს თანხა მხოლოდ იტალიურ ბანკში ფიქსირდება. მომდევნო, 2024 წელს კახა კალაძემ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 4,2 მილიონი დოლარი სესხად გასცა კომპანიაზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებსაც სოლიდური თანხა ჰქონდათ, უცხოურ ბანკებს ენდობოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ისმის მოწოდებები მათი სანქცირების შესახებ.
„რაც შეეხება თანხებს, ევროპულ ბანკებში თანხები არა მაქვს ეს დადასტურებული ინფორმაციაა, დეკლარაციაშიც არის ასახული. თანხები რაც მქონდა ევროპულ ბანკებში, მქონდა გასესხებული კონკრეტულ კომპანიაზე შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი თუ რატომ“, – თქვა 5 ივნისს კახა კალაძემ.
ბოლო დეკლარაცია კახა კალაძემ 2025 წლის 31 იანვარს შეავსო. დედაქალაქის მერი და მისი ცოლი ანუკი არეშიძე კვლავ ფლობენ უძრავ ქონებას თბილისში, ფერწერულ ტილოებს, რამდენიმე მოტოციკლს და ავტომობილს. მათ შორის MERCEDES-BENZ AMG, რომელშიც 150 000 დოლარი გადაიხადა მისმა ცოლმა.
ცოლ-ქმარს დეკლარაციის შევსების მომენტისთვის სოლიდური თანხა ჰქონდათ ნაღდი ფულის სახით.
დეკლარაციაში დედაქალაქის მერი წერს, რომ 2024 წელს მისმა ოჯახმა 600 ათას ლარზე მეტი დახარჯეს „საოჯახო და პირად ხარჯებში“, ქველმოქმედებაში 85 ათასი ლარი, 73 ათას ლარზე მეტი კი გადასახადებში.
