მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი კომპანია „კალა კაპიტალ თბილისი“ მაისში დააფუძნა, დღეს კი კომპანიის დირექტორის ცვლილებაზე შეიტანა განაცხადი.
თბილისის მერის მიერ ახალი კომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „კალა კაპიტალ თბილისი“ 14 მაისს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი კახა კალაძეა. თავდაპირველად კომპანიის დირექტორი კახაბერ კობაივანოვი იყო, რომელიც წილებს სხვა კომპანიებშიც ფლობს.
დღეს კახა კალაძემ საჯარო რეესტრში დირექტორის ცვლილების შესახებ განაცხადი შეიტანა. ცვლილების მიხედვით, კომპანიის დირექტორად ლანა ხასიდაშვილი ინიშნება.
