კახა კალაძემ თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა მ, მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბილიკი ბააზოვის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს.
„აქედან დედაქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ფეხით გავლა შეუძლებელი იყო, იმდენად რთული ვითარება იყო. დღეს უკვე გაკეთებულია ეს საფეხმავლო ბილიკი, ასევე მოსასვენებელი გადმოსახედი სივრცე. ბილიკი განათებულია და აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, ყველანაირად დაცულია. ჩვენ ახლა ერთად დავათვალიერეთ აქაურობა და ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი, თუნდაც აქედან როცა გადაიხედავ. ტურისტულადაც ძალიან საინტერესოა. ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ლითონის კონსტრუქციის კიბე, მოაჯირები და განათების სისტემა, ასევე დამონტაჟდა კამერები. თბილისის პანორამული ხედის უკეთ დასათვალიერებლად და მოსასვენებლად ადგილზე მოეწყო ტერასები საქანელა სკამებით.
თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტრის მიმდებარედ მოეწყო ღობეც. პროექტის ღირებულება ჯამში 1 388 000 ლარია.
ტურისტული ბილიკის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ფირდოუსის ქუჩა დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო კომუნიკაციები, შეიცვალა გარე განათება და განახლდა ქვაფენილი.
პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობიდან დაახლოებით 380 000 ლარი გამოიყო.
ადგილზე იმყოფებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.