კახა გოგოლაშვილი – 2012 წელსაც ხალხმა გადაწყვიტა რეჟიმის შეცვლა, 2003 წელსაც, ხალხი ძალიან ძლიერი აქტორია – საქართველო არ არის ისეთი სახელმწიფო, სადაც ადვილად მოხდება ის, რომ ყველაფერი გადაწყვიტოს ელიტამ

„ქართული ოცნება“ აცხადებს, ან თავაწეულები შევალთ ევროკავშირში, ან საერთოდ არ შევალთო და თავაწეულ შესვლას, რატომღაც, უწოდებენ იმას, რომ სასამართლო რეფორმა არ გაატარონ, საარჩევნო რეფორმა არ გაატარონ, დეოლიგარქიზაცია არ მოახდინონ, პოლარიზაცია არ შეამცირონ და ეს ყველაფერი შეუთავსებადია , – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ქართველი ხალხი ძალიან ძლიერი აქტორია, ქვეყანამ კი სწორედ ამ ხალხის გადაწყვეტილებით დაიწყო დემოკრატიის შენება.
„საქართველომ დემოკრატიის შენება ხალხის გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს იყო ქვეყანა, სადაც ხალხი წყვეტდა ყველაფერს, მათ შორის, 2012 წელსაც ხალხმა გადაწყვიტა რეჟიმის შეცვლა, ასე მოხდა 2003 წელსაც, ანუ ხალხი ძალიან ძლიერი აქტორია. ხალხის ისეთ დაბალ დონეზე დაყვანა, რომ ყველაფერი გადაწყვიტოს ელიტამ, ანუ მმართველმა ძალამ და საითაც უნდა, იქით შეატრიალოს ქვეყანა და მისი განვითარების კურსი, საქართველო არ არის ასეთი სახელმწიფო და აქ არ არის ასეთი საზოგადოება, სადაც ეს ადვილად მოხდება.
საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე, ყველაზე მეტ დახმარებას იღებდა – მოლდოვაზეც, ზეც და ყველა სხვა ქვეყანაზე, რომელსაც ევროკავშირთან აქვს ურთიერთობა. მაგრამ ეს კეთდებოდა სხვა რამის გამო, რადგან საქართველო იყო ძალიან ძლიერი მისწრაფებებით ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა დემოკრატიული განვითარების კუთხით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დახმარებები აღარ იქნება. აი, მაგალითად, სამხედრო დახმარება – ჩვენთვის იყო 30 მილიონი გამოყოფილი. ზუსტად იმის გამო, რომ კანონი მიიღეს, ასევე, იმ განცხადებებისა და რიტორიკის გამო, ჩვენ წაგვართვეს ეს დახმარება და აძლევენ სომხეთს 10 მილიონს, დანარჩენი 20 მილიონი კი გადაუნაწილდება მოლდოვასა და უკრაინას დამატებით.
ევროკავშირში გაწევრიანებაა ჩვენთვის მთავარი და არა ის, რომ ამ გაწევრიანებამდე, მოლაპარაკებები რომ იქნება, დამატებით თანხებს მივიღებთ თუ არა. ამის შანსი ერთი წლის წინ გვქონდა, მაგრამ იცით რა იყო გასაკეთებელი? ევროსკეპტიკური მთავრობა უნდა შეცვლილიყო ევროპაზე ორიენტირებული მთავრობით, დისკურსი უნდა შეეცვალათ, რიტორიკა უნდა შეეცვალათ, ანტი-ევროპული პროპაგანდა უნდა შეეცვალათ, ასეთი კანონები არ უნდა მიეღოთ და, თავისთავად, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რაც ჯერ იმ 12 პუნქტში ეწერა და შემდეგ იმ 9 ნაბიჯში. ეს „ქართულ ოცნებასაც“ შეეძლო, მაგრამ პირდაპირ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან გაწევრიანება იმ რეფორმების გარეშე, რაზეც ევროკავშირი საუბრობს, შეუძლებელია. ესენი კი ამბობენ, ან თავაწეულები შევალთ, ან საერთოდ არ შევალთო და თავაწეულ შესვლას რატომღაც უწოდებენ იმას, რომ სასამართლო რეფორმა არ გაატარონ, საარჩევნო რეფორმა არ გაატარონ, დეოლიგარქიზაცია არ მოახდინონ, პოლარიზაცია არ შეამცირონ და ეს ყველაფერი შეუთავსებადია“ , – განაცხადა გოგოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ