როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ საარჩევნო მიზნით ჰქონდა განზრახული. სტატუსის მიღებისა და არჩევნების დასრულების შემდეგ მთელი ამ პროცესის ეროზია დაიწყეს და ამ ეროზიის ხელშეწყობა, რომელიც საბოლოოდ, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებით დასრულდა,- აღნიშნული განცხადება „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „ქორთიარდ მარიოტში“ გააკეთა, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით ღონისძიება, სახელწოდებით „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?“ გაიმართა.
მისი თქმით, ახლა საუბარი იმაზე, თუ რომელი რეკომენდაციები შესრულდა, რომელი არ შესრულდა და რომელი უნდა შესრულდეს, უადგილოა, რადგან არ არსებობს ნება, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს შეასრულებს და გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს.
„გამოსავალი ახალ არჩევნებშია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების გზით მოვიდა და 2028-წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება გამოაცხადა, მოსახლეობის 85% კვლავ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ მოახდენენ და როგორც ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ დაიწყებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსულტაციები ახალ არჩევნებს შეეხება“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ასევე, კახა გოგოლაშვილი რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ევროკავშირი დღიურად 120 ევროს ოდენობით აფინანსებს.
მისი თქმით, ახლა „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდისტული რესურსი აღარ ჰყოფნის და რუსეთი მსგავსი პროპაგანდით ხელს უწყობს და ეხმარება „ქართულ ოცნებას“ „რაღაც პოზიციების გამყარებაში“.
„რუსეთი ცდილობს, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს „ქართულ ოცნებას“, რაღაც პოზიციების გამყარებაში და ამისთვის პირდაპირ რესურსს იყენებს, ადრე თუ ცდილობდა რომ იდეები მიეწოდებინა და ფარული მხარდაჭერა გამეჩინა, ახლა პირდაპირ ცდილობს დაეხმაროს. როცა [„ქართულ ოცნებას“] პროპაგანდისტული რესურსი აღარ აქვს, ისინი [რუსეთი] იქიდან ეხმარება. ხალხმა კი სიმტკიცე და მიზანდასახულობა უნდა დაუპირისპიროს, ასევე ხალხმა პროტესტის გაგრძელება არ უნდა დაიზაროს“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
