კახა გოგოლაშვილი – თუ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდება, ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის რისკებს შექმნის – ქვეყნის მომავალი საფრთხის წინაშე დადგა

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდება, ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის რისკებს შექმნის.
გოგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის სრულიად ნათელია ის ვითარება, რაც საქართველოშია.
„არაფერია დამალული, რასაც აქამდეც აცხადებდა ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ყველა ინსტიტუტი, ის ხდება, ურთიერთობები დაბალ დონეზე ჩამოდის. მკაფიო ერთადერთი მიმართულებაა, საქართველო ნამდვილად არ დაიწყებს წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებას. გაისად ვნახავთ, რას იზამს. არაფერი ბუნდოვანი და გაუგებარი არ არის, თუ ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნებს, მივდივართ წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, არ ვასრულებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ. ეს სცენარი, რომელშიც აღმოვჩნდით, სასურველი სცენარი არის ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრად უფრო დიდი რისკების განვითარება, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში. აქ საუბარია მოკლევადიან და გრძელვადიან რისკებზე. გრძელვადიანი რისკები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. ამის გარდა, ქვეყნის სტაბილურობა, ინვესტიციები, ქვეყნის ღიაობა, მის მიმართ ნდობა სხვა პარტნიორებისგან. მთლიანობაში საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანწილად დადგა საფრთხის წინაშე”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ