თუ კანონებიდან ამოიღებენ ვალდებულებას, რომ რაღაც საკითხების განხილვაში ჩართონ სამოქალაქო სექტორი, მაშინ შეიძლება ასოცირების შეთანხმებაც კი შეგვიჩერონ , – ამის შესახებ ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
კახა გოგოლაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივები „ქვეყნის განვითარების სტრატეგიის აბსოლუტური გადაწერაა“.
„თუ კანონებიდან ამოიღებენ ვალდებულებას, რომ რაღაც საკითხების განხილვაში ჩართონ სამოქალაქო სექტორი, მაშინ ასოცირების შეთანხმება გვაქვს, რომელიც ღრმაა ამ თვალსაზრისით, სადაც პირდაპირაა უზარმაზარი თავები, 412-ე მუხლი და სხვა, რომელიც არეგულირებს არასამთავრობო ორგანიზაციების როლს. ეს ვალდებულება გვაქვს აღებული. მაშინ შეიძლება მათ ასოცირების შეთანხმებაც კი შეგვიჩერონ. გითხრან, რომ თქვენ კონკრეტულ მუხლებს კი არა, მთელ თავებს არ იცავთ ასოცირების შეთანხმებიდან. ისედაც აქვთ უკვე მიზეზები, რომ ძალიან ბევრი რაღაცის გამო ეს გააკეთონ. შეიძლება საერთოდ შეაჩერონ ასოცირების ხელშეკრულება და თქვან, რომ დავსხდეთ და შევიმუშაოთ ისეთი ორმხრივი ხელშეკრულება, როგორც მაგალითად აზერბაიჯანს აქვს ევროკავშირთან. აზერბაიჯანს არ აქვს ამბიცია არანაირი პოლიტიკური ასოცირების, მარტო სექტორული თანამშრომლობაა, ეკონომიკური. ეს აბსოლუტურად გადაწერაა ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიის“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა
კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეცვალოს ამერიკის პოლიტიკა და თქვას, რომ „იყოს ივანიშვილი, დიდად არ გვაინტერესებს საქართველოში დემოკრატია იქნება თუ არ იქნება“, კახა გოგოლაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში დონალდ ტრამპს „საკუთარი ინსტიტუციური გარემო“ დაუპირისპირდება.
„ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ტრამპმა არაერთი უცნაური რაღაც თქვა, თუმცა ძალიან მეეჭვება. ტრამპი თუ ასეთი რაღაცების თქმას დაიწყებს, იმ წუთში დაუპირისპირდება საკუთარ ინსტიტუციურ გარემოს, კონგრესს, სენატს და ა.შ. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში ყველა ერთად გაგიჟდა. ტრამპს შეიძლება რაღაც მოუვიდეს და საერთოდ გადაუხვიოს ამერიკულ ღირებულებებს, ამდენი წლის ისტორიას, შეიძლება არც იცის ისტორია კარგად, მაგრამ იმ ინსტიტუტებს, „დიფსთეითს“ რომ ეძახიან, რომელიც ბიუროკრატიული სტრუქტურაა, მეხსიერება აქვს“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/01000000-0aff-0242-7c21-08dc94fe6cb9_w1200_r1-jBJlQD-300x169.jpeg)