ამერიკას ავტორიტარი პრეზიდენტი არ ჰყოლია – უცებ გამოჩნდა პრეზიდენტი, რომელიც ავრცელებს, ასხივებს ავტორიტარიზმს და სხვათა შორის, გარკვეულ წარმატებს აღწევს ამ მიმართულებით – რუსეთთან ტრამპის ასეთი კეკლუცი და თამაში არანაირ შედეგებს არ მოიტანს, ეს ძალიან აშკარაა, – ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთსა და უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
გოგოლაშვილის თქმით, ამერიკა „თავის 250-წლიან რეპუტაციას კარგავს“.
„მგონი, ჯერჯერობით, ამერიკა მხოლოდ აგებს. ამერიკას ავტორიტარი პრეზიდენტი არ ჰყოლია. ავტორიტარიზმში რამდენიმე პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ კონკრეტული მოქმედებების გამო, რომელიც მაგალითად, ინდიელების შევიწროების კანონს ეხებოდა. რამდენიმე პრეზიდენტი დაადანაშაულეს, მათ შორის, ლინკოლნიც, მაგრამ ისე, რომ დაერქმიათ ავტორიტარი პრეზიდენტი და მას ავტორიტარიზმის დამკვიდრების მიზნები ჰქონოდა, ასეთი ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა. ამერიკა თავის 250-წლიან რეპუტაციას კარგავს. თუ ის დღეს მსოფლიოში ლიდერია, ეს მისი რეპუტაციის ხარჯზეა. ეს არის ყველაზე ძველი დემოკრატიის მქონე ქვეყანა მსოფლიოში. უცებ გამოჩნდა პრეზიდენტი, რომელიც ავრცელებს, ასხივებს ავტორიტარიზმს და სხვათა შორის, გარკვეულ წარმატებს აღწევს ამ მიმართულებით. ეს არის ყველაზე ცუდი. კი, “რესპუბლიკელებიც” აკრიტიკებენ უკვე მისი მოქმედებების გამო, სენატში განსაკუთრებით, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რა აღშფოთებაც უნდა მოჰყოლოდა მის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებსაც მათ შორის“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება ტრამპის განცხადებებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით, გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მოქმედებები და განცხადებები „სწორი არ არის“.
„ტრამპის მოქმედებები და განცხადებები არ შეესაბამება არც სინამდვილეს, არც სწორია და ამით ვერც მიზნებს მიაღწევს. თავისთავად, მოახდინა მსოფლიოში დიდი ძალების გადაკიდება. რუსეთთან მისი ასეთი კეკლუცი და თამაში არანაირ შედეგებს არ მოიტანს, ეს ძალიან აშკარაა. პრაქტიკულად, მან რუსეთს მისცა საშუალება, თავისი საერთაშორისო რენომეს რეაბილიტაცია მოეხდინა. ლავროვის მიერ ასეთი რიხით განცხადებების გაკეთება უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ თავი ისეთ პოზიციაში იგრძნეს უფლებამოსილად, რომ შეუძლიათ რეგიონში უფრო დამკვიდრებული ტონით ისაუბრონ”, – აღნიშნა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, „თუ ტრამპი და პუტინი მსოფლიოს გაყოფას დაიწყებენ, მაშინ ჩვენ ასეთ ამერიკასთან ყოფნა არ გვაწყობს“.
„არ შეიძლება დემოკრატიულ სამყაროს ეს აწყობდეს. თუ ტრამპი და პუტინი მსოფლიოს გაყოფას დაიწყებენ, მაშინ ჩვენ ასეთ ამერიკასთან ყოფნა არ გვაწყობს. პუტინი ჩვენ რატომ გვძულს? იმიტომ კი არა, რომ რუსია, ამაზე საუბარი არაა. ჩვენთვის აქ მთავარი ისაა, რომ ის არის ტირანი და ანტიდემოკრატიული, ავტორიტარი მმართველი. მას უნდა, რომ ხალხი დაიმონოს. ამერიკა ჩვენ აქამდე იმიტომ მოგვწონდა, რომ მსოფლიოში თავისუფლების სიმბოლო და მისი დამცველი იყო. თუ ამერიკა ჰეგემონად გადაიქცევა, რომლისთვისაც მთავარია სხვა ერები დაიმონოს და ნეოკოლონიალიზმის გზას დაადგება, რასაც პუტინი ადგას, მაშინ ჩვენ არსად გვირჩევნია ყოფნა. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან, რომელშიც ჩვენ როგორც ვხედავთ, ასეთი დეგრადაცია არ ხდება. იქ ყველანაირი მიმდინარეობებია, მათ შორის, ფაშისტურიც, ულტრამემარჯვენე ძალებიც არიან, მაგრამ მთლიანობაში, ევროპა არის დემოკრატიული და ის მყარად დგას ამ პრინციპებზე“,- აღნიშნა გოგოლაშვილმა.
