კახა ბექაური და ეკა ბერიძე 21 ბინას, 14 მიწის ნაკვეთს, ასევე ავტოფარეხებსა და არასაცხოვრებელ ფართებს – დეკლარაცია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რაც გასული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და მნიშვნელოვან ხარჯებს ასახავს.
კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, ამასთან, ის საქართველოს სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, “ორი ნაბიჯის” თანადამფუძნებელი და 33%-იანი წილის მფლობელია. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავლის უდიდესი წყარო სწორედ “ორი ნაბიჯიდან” მიღებული დივიდენდია, რამაც 2024 წელს 20.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2023 წელს მიღებულ დივიდენდს 18.2 მილიონ ლარს, 2.3 მილიონი ლარით აღემატებოდა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020-2024 წლებში კახი ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 66 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო:
· 2025 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2024 წელს) თანახმად – 20.5 მილიონი ლარი;
· 2024 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2023 წელს) თანახმად – 18.2 მილიონი ლარი;
· 2023 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2022 წელს) თანახმად – 14.8 მილიონი ლარი;
· 2022 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2021 წელს) თანახმად – 8.3 მილიონი ლარი;
· 2021 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2020 წელს) თანახმად – 4.3 მილიონი ლარი.
კახა ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი ანაზღაურება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გასულ წელს 202 ათას ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. 31-გვერდიან ქონებრივ დეკლარაციაში კახა ბექაური უთითებს საკუთარ და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებულ 21 ბინას, 14 მიწის ნაკვეთს, ასევე ავტოფარეხებსა და არასაცხოვრებელ ფართებს.
დეკლარაციის თანახმად, კახა ბექაურის მეუღლემ ეკატერინე ბერიძემ 2024 წელს შეიძინა სამი ბინა – 126 კვადრატული მეტრის ფართით, ასათიანის ქუჩაზე 203 ათას დოლარად, 126 კვადრატული მეტრის ფართით ასათიანის ქუჩაზე 201 ათას დოლარად, ჭავჭავაძის გამზირზე 69 კვადრატული მეტრის ფართით 300 ათას დოლარად.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კახა ბექაური ფლობს 7 მსუბუქ ავტომობილს, რომელთა საერთო ღირებულებაც მათი შესყიდვის დროს 2.1 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი Range Rover Autobiography არის, რომელშიც ბექაურმა 2022 წელს 602 ათასი ლარი გადაიხადა, ასევე Porsche Panamera GTS, რომელშიც ასევე 2022 წელს ბექაურმა 372 ათასი ლარი გადაიხადა. 2023 წელს კი ბექაურმა Land Rover Defender-ი 326 ათას ლარად შეიძინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კახა ბექაური ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს 6.2 მილიონი ლარის დანაზოგებს, ასევე აქციების პორტფელს, რომელშიც ბექაურმა 2022-2023 წლებში 599 ათასი დოლარი გადაიხადა, მათ შორისაა Spotify-ის, Airbnb-ისა და სხვა კომპანიებს აქციები.
ქონებრივ დეკლარაციაში კახა ბექაური მისი მეუღლის, ეკატერინე ბერიძის შემოსავლებზეც უთითებს ინფორმაციას, რომელიც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებს. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებში მისი ანაზღაურება გასულ წელს 297 ათას ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მსხვილ ხარჯებს, კახი ბექაური უთითებს 1.5 მილიონი ლარის ავეჯის ხარჯებს, 390 ათასი ლარის საინჟინრო და ელექტროსისტემების ხარჯებს, ეზოს გამწვანების 136 ათასი ლარის ხარჯებს, მილკვადრატით მოპირკეთების 179 ათასი ლარის ხარჯებს, 125 ათასი ლარის ტექნიკის ხარჯებს, გარე გრილის მოწყობის 43 ათასი ლარის ხარჯებს, პარკეტის ხარჯებს 52 ათასი ლარის ოდენობით, კარებების, კარის აქსესუარების და სარემონტო მასალების ღირებულებას 130 ათასი ლარის ოდენობით, შიდა და გარე განათების მოწყობის 342 ათასი ლარის ხარჯებს, მზის ელექტროპანელების მოწყობის 59 ათასი ლარის ხარჯებს, ჭკვიანი სახლის სისტემის მოწყობის 52 ათასი ლარის ხარჯებს, ჩასაშენებელი ავეჯის ხარჯებს 53 ათასი დოლარის ოდენობით, სწავლის საფასურს 140 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, 71 ათასი ლარის სამოგზაურო ხარჯებს, იარაღის შესყიდვის 30 ათასი ევროს ხარჯებს, 64 ათასი ევროს სხვა საყიდლების ხარჯებს, 18 ათასი ევროს იურიდიულ ხარჯებს, 10 ათასი დოლარის დიზაინერის მომსახურების ხარჯებს და სხვა ხარჯებს.(ბიემჯი)