„შეიძლება რუსებმა ფრონტის რომელიმე უბანზე მოახერხონ მცირედით წინსვლა, მაგრამ რუსეთი ვერასოდეს დაამარცხებს უკრაინას“, – ამბობს უკრაინაში მყოფი ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი კახა ბასილია.
საქართველოს კარატეს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს არმიის თადარიგის პოლკოვნიკ კახა ბასილიას ჩემი ჟურნალისტური მივლინების დროს შევხვდი უკრაინის დედაქალაქში.
იგი რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის პირველივე დღეებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან რიგით ჯარისკაცად ჩადგა კიევის დამცველთა რიგებში. უკრაინისადმი დამსახურებისა და მოხალისეთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, კახა ბასილიას აღუდგინეს პოლკოვნიკის წოდება და მიმდინარე წლის მაისში უკრაინის უშიშროების აკადემიის უფროსად (რექტორად) დანიშნეს. როგორც კახა აღნიშნავს, იგი განგების მადლობელია არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინაში პროფესიული თვალსაზრისით არის რეალიზებული ადამიანი, არამედ ომში ჩაფლულ ქვეყანაში, როგორც ამბობს, მან თავისი ბედიც იპოვა.
კ. ბ. “მე თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს ლვოვის უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ როდესაც საქართველოში ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება დაიწყო, მივატოვე ასპირანტურა, დავბრუნდი საქართველოში და ჩავირიცხე პირველ ქართულ სამხედრო ფორმირებაში -ეროვნულ გვარდიაში. ვიყავი იმ პირველ გვარდიელთ შორის, ვინც ეროვნულ სტადიონზე დავდეთ ფიცი. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში ვარ. იმ დროს საქართველოს დატოვება მომიხდა, რაც ცალკე საუბრის თემაა. ჩამოვედი უკრაინაში, რომ აქედან 2022 წლის 28 თებერვალს გავფრენილიყავი ნიუ-იორკში, მაგრამ როდესაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე წამოიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, უყოყმანოდ დავრჩი უკრაინაში, სადაც დღემდე ვასრულებ საბრძოლო ამოცანებს.”
საქართველოს არმიის თადარიგის პოლკოვნიკი, თავდაპირველად უკრაინაში მოქმედ “ქართულ ლეგიონს” შეუერთდა და რიგითი მოხალისე გახდა.
2014 წლიდან, საკუთარი მოქალაქეების გარდა, უკრაინას რუსეთის აგრესიისგან სხვა ქვეყნებიდან მოხალისეებად წასული ყოფილი პროფესიონალი სამხედროები იცავენ, მათ შორისაა „ქართული ლეგიონიც“, რომელმაც უკრაინის დაცვისათვის გამართულ ბრძოლებში არაერთი მებრძოლი დაკარგა. კიევის ცენტრში თავისუფლების მოედანზე (მაიდან ნეზალეჟნოსტი) აღმართულია უკრაინისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, რომელიც ქართველ “ლეგიონერთა” ხსოვნასაც ინახავს!
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომიდან ერთ თვეში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღიძრა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის” მეთაურის, მამუკა მამულაშვილის და სხვა პირების მიმართ.
კ.ბ. “როცა ეს პროცესები (საბრძოლო მოქმედებები კ.ლ) დაიწყო, “ქართული ლეგიონის” ბაზაზე ვიყავი, სადაც საბრძოლო გამოცდილების მისაღებად ბევრი მსურველი უკრაინელი მოდიოდა. მათ უნდოდათ ბრძოლა, მაგრამ არ ჰქონდათ სამხედრო გამოცდილება. მაშინ მე მივედი კიევის ტერიტორიულ თავდაცვის უწყებაში (ტერაბარონა), ვუთხარი , რომ ვარ ესა და ეს კაცი, თადარიგის პოლკოვნიკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან და მყავს 30 კაცი და რა ვქნა, ვის დავემორჩილო-მეთქი. ესენი იყვნენ უკრაინელები, რომლებიც არ გაიქცნენ კიევიდან და ჰქონდათ სურვილი დაეცვათ დედაქალაქი.
იქ მომცეს 30 ავტომატი, თავისი ტყვია-წამლით, მიმამაგრეს „ტერაბარონის“ ერთ-ერთ ქვედანაყოფს, სადაც დავიწყეთ ამ ბიჭების მომზადება.
მერე და მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ, უკრაინელებიც და უცხოელებიც. ომის პირველ წელს მოგვიწია საბრძოლო ამოცანების შესრულება ირპენში, ბუჩასა და კიევის ოლქში.სხვათა შორის 2 კვირის წინ (ჩვენი საუბარი ჩაიწერა 29 ნოემბერს) ბედნიერი ვიყავი, რომ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დამაჯილდოვა ორდენით “კიევის დაცვისათვის”.
კ.ლ. რამდენად შენარჩუნდა ომის მეოთხე წლისთავზე ის ენთუზიაზმი, რაც რუსეთის აგრესიის პირველ თვეებში არსებობდა კიევისა და ზოგადად უკრაინის მოსახლეობაში?
კ.ბ. შენარჩუნებულია. უკრაინელები ბუნებით მებრძოლი ხალხია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მე ვმონაწილეობდი 20 000 ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის სამოქალაქო პირის სამხედრო მომზადებაში. ამასთან, ჩვენთან სწრაფი მომზადების კურსკის გასავლელად მოდიან პოლიციის, პროკურატურის და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებიც.
ეს მოკლე კურსი შედგება, როგორც 30 საათიანი, ისე 9 საათიანი პროგრამისგან. გარდა ამისა, ჩემი ინიციატივით დაიწყო უცხოელების ჩამოყვანა და მათი მომზადება სარეზერვო ბატალიონისთვის. ძირითადად ვმუშაობ პერუზე. იმ დროიდან, როდესაც მე საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, პერუს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტთან ვმეგობრობ და ის მეხმარება პერუელი მოხალისეების გამოგზავნაში. იქ დიდი სურვილია, რომ ჩამოვიდნენ უკრაინაში და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის დაცვაში.
კ.ლ. კი, მაგრამ, პერუელებს რატომ აქვთ ასეთი სურვილი?
კ.ბ. იმიტომ, რომ ისინი დაახლოებით 3000 დოლარის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან გაფორმებული კონტრაქტებით, რაც მათთვის დიდი ხელფასია. უკვე 100 ზე მეტი ადამიანი ჩამოვიყვანე პერუდან, ასევე ჩამოგვყავს მოხალისეები ბრაზილიიდან. ვამზადებთ მათ სპეციალურ ბაზაზე, სხვადასხვა მიმართულებით: სნაიპერებად, დრონების ოპერატორებად და ასე შემდეგ. დგინდება მათი იურიდიული სტატუსი, გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაცია და შემდგომ ამის მათ კონტრაქტებს უფორმებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
კ.ლ. მომზადებისთვის ცალკე ბაზა გაქვთ?
კ.ბ. კი, ბაზა გვაქვს ქალაქგარეთ, სადაც სასროლეთიც გვაქვს მოწყობილი, სპეციალური სანგრებიც. ცალკე გვაქვს დრონების სპეციალისტების მომზადების ცენტრი. მოხალისეებს შევასწავლით ხელჩართული ბრძოლის ელემენტებს ისრაელის თავდაცვითი სისტემა “კრავმაგას” ანალოგიით, მაგრამ, ასევე, გვაქვს საველე გასვლები სასწავლო დაწესებულებებსა და ლიცეუმებში, სადაც ჩვენი ინსტრუქტორები, საბრძოლო გამოცდილების მქონე მოხალისეები, სტუდენტებს უსასყიდლოდ უტარებენ ლექციებს, ადგილზე ამზადებენ. ამ მხრივაც ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს, განსაკუთრებით დრონების შესწავლის მიმართულებით. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ დრონების წარმოების მხრივ უკრაინა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.
კ.ლ . უცხოურ კონტინგენტს რომ დავუბრუნდეთ, ომის დაწყების პირველ დღეებში საკმაოდ პრობლემური იყო მათი ანაზღაურების, სამხედრო სტატუსის განსაზღვრის და წოდებების მინიჭების საკითხი. მათ შორის ქართველი მოხალისეებიც ვერ სარგებლობდნენ ელემენტარული პრივილეგიებით. ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ?
კ.ბ. ამ მხრივაც უცხოელებს ჩვენ ოპერატიულად ვეხმარებით სამხედრო წოდების და სამხედრო ბილეთების აღებაში. უკვე მოგვარდა მათთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭება, რაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვაა შეღავათებით სარგებლობის უფლებას იძლევა. ჩვენ უცხოელებს, პრაქტიკულად, ერთ დღეში ვუკეთებთ სამხედრო ბილეთს, ხოლო სმმ-ის სტატუსი ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მოხალისე სამ საბრძოლო მოქმედებაში მიიღებს მონაწილეობას. პირადად მე, ჯერჯერობით, საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ უკვე მაქვს 10 წლიანი ბინადრობის უფლება და სამომავლოდ, შევეცდები, გავხდე უკრაინის მოქალაქეც, რადგან უკრაინის კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას.
კ.ლ. კახა, რუსეთ-უკრაინის ომი 4 წელია რაც გრძელდება. როგორც თქვენ თქვით, უკრაინის მხარეზეც იბრძვიან უცხოელები და ცნობილია, რომ, თავის მხრივ, ბევრი უცხოელი, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელები ჰყავს მობილიზებული რუსეთს უკრაინის ფრონტზე. ამავე დროს, აშშ-ის თაოსნობით გააქტიურდა საერთაშორისო ძალისხმევა ომის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულებისთვის. თქვენ სამხედროები რაში, როგორ შეთანხმებაში ხედავთ გამოსავალს?
კ.ბ. მე ამას არავინ მეკითხება, მაგრამ ამერიკაში რომ იყოს რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი, ეს ომი, ჩემი აზრით, სწრაფად დამთავრდებოდა. არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება! დიქტატორთან როგორ უნდა ივაჭრო? პუტინი არის ამბიციური და საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც 28 კი არა, 58 პუნქტიან შეთანხმებასაც არ დათანხმდება. ის უბრალოდ დროს წელავს, დათანხმდები დონბასის დათმობას, მერე ოდესის გადაცემას მოგთხოვს და ასე ივაჭრებს.
კ.ლ. მაგრამ უკრაინა, მისი პოტენციალი გასწვდება ომის კიდევ უფრო გაგრძელებას. რუსეთი აცხადებს, რომ მალე პოკროვსკს აიღებს და რომ წინ მიიწევს. თუ გაქვს ინფორმაცია, რა ხდება პოკროვსკში?
კ.ბ. რეალურად ხდება ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა უფრთხილდება თავის პირად შემადგენლობას. რუსეთის სარდლობა კი არ ინდობს თავის ჯარისკაცებს და დიდი მსხვერპლის მიუხედავად გზავნის და გზავნის ახალ-ახალ რაზმებს შეტევაზე. უკრაინელი ჯარისკაცები კი ალყაში მოქცევა რომ აირიდონ თავიდან, დროებით იხევენ ხოლმე უკან დიდი საცეცხლე ზეწოლის ხაზიდან. ესაა ტაქტიკური მანევრი და როდესაც იქ რუსეთის ცოცხალი ძალა შევა, მერე იწყებენ დრონებით და არტილერიით ამ ე.წ. ქვაბში მომწყვდეული მოწინააღმდეგის განადგურებას და ჩვენ სარდლობას აქვს ინფორმაცია, რომ დღეში პოკროვსკის მიმართულებაზე 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება.
კ.ლ. და თავად უკრაინის დანაკარგი რამხელაა?
კ.ბ. ცხადია, დანაკარგი უკრაინასაც აქვს, მაგრამ რუსეთისას ვერ შეადარებ. შედარებისთვის, თუ რუსეთი რომელიმე ბრძოლაში 100 ჯარისკაცს კარგავს, უკრაინის დანაკარგი შეიძლება იყოს 10 ჯარისკაცი. საერთოდ ცნობილია, რომ შემტევი მხარე სამჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს. ამ შემთხვევაში კი შეიძლება რუსეთის დანაკარგი 4-ჯერ მეტიც იყოს, რადგან რუსეთის სარდლობა, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რომ ასიამოვნოს, არ იშურებს არც ცოცხალ ძალას და არც ტექნიკას, მაგრამ ამ აჩრდილად ქცეულ ქალაქს წელიწადზე მეტია ვერ იღებს. ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში წელს ზაფხულში ვიყავი პოკროვსკის მახლობლად მდებარე სოფელ ორეხოვოში. სოფელი მთლიანად გასწორებული იყო მიწასთან, მაგრამ ჩვენ მაინც შევდიოდით შიგნით. იქ ბევრი ცხოველი იყო დარჩენილი, ხეზე მიბმული. მეცოდებოდნენ ისინი და ყველა შესვლაზე ვუშვებდი ამ საცოდავ პირუტყვებს. იგივე სურათია დღეს პოკროვსკშიც. ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული, უკრაინული სარდლობამ ზედმეტი მსხვერპლის თავიდან არიდების მიზნით, ქალაქის გარკვეული ნაწილიდან გაიყვანა სამხედრო დანაყოფები, მაგრამ ვერც რუსი ჯარისკაცები ახერხებენ პოკროვსკის აღებას.
შეიძლება რუსებმა მოახერხონ მცირედით წინსვლა დიდი დანაკარგის ფასად, მაგრამ უკრაინას რუსეთი ვერ დაამარცხებს. განსხვავებით 2022 წლიდან უკრაინელი ჯარისკაცები დარწმუნებული არიან, რომ დაამარცხებენ ამ ომში რუსეთს. ისინი პოლიტიკურ ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ მხოლოდ ერთს: თქვენ იბრძოლეთ დიპლომატიურ ასპარეზზე, მოგვამარაგეთ იარაღით, საბრძოლო მასალით, ტექნიკით, – ჩვენ კი ვიომებთ ბრძოლის ველზე.
კ.ლ. დაბოლოს, კახა, მე ვიცი, რომ შენ აქ უკრაინაში კარგი სამხედრო კარიერაც კი არ გაიკეთე მხოლოდ, არამედ ბედიც იპოვე. მოდი პირად ცხოვრებაზეც გვითხარი ორი სიტყვა.
კ.ბ. თავდაპირველად ჩემ მცირერიცხოვან ჯგუფში მყავდა ფსიქოლოგი და იოგას ინსტრუქტორი ახალგაზრდა უკრაინელი გოგო, რომელთანაც მალე დავმეგობრდი. დაბომბვების დროს ხშირად გვიწევდა თავშესაფარში ყოფნა. ომის დროს საერთოდ მარტო ყოფნა ძალიან ძნელია. ომის დროს არ არსებობს წარსული, ბუნდოვანია მომავალი. არსებობს მხოლოდ მძიმე რეალობა და ამ მძიმე დროს უფალმა გამომიგზავნა ჩემი მეორე ნახევარი, მარინა. ჩვენ ერთად ვიყავით ჭირში, თუ ლხინში, როგორც იტყვიან. საბრძოლო მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. საბოლოოდ კი შევქმენით ოჯახი და 7 თვის წინ ქალიშვილი, მია შეგვეძინა. ჩემი მეუღლე მარინა ახლა ჩემს გვარზეა, კიევში მის ბინაში ვცხოვრობთ. ასე რომ ბედნიერი ვარ, რომ უკრაინაში ჩემი ადგილი ვიპოვე – ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და მყავს საყვარელი მეუღლე და შვილი.
კიევში მდგომარეობა ძალიან რთულია. სამი დღის წინ მასიური დაბომბვის გამო კვლავ მოგვიწია მთელ ოჯახს მეტროსადგურ “ზოლოტიე ვაროტაში” გახსნილ თავშესაფარში ღამის გათენება. მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის დატოვებაზე და ევროპაში გადასვლაზე არც ერთი არ ვფიქრობთ.
კ.ლ. და საქართველო? საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობ?
კ.ბ. საქართველოში ჩემი საქმე ძიებაშია და ვერ დავბრუნდები. ეს მოხდა „ოცნების ხელისუფლების“ დროს. იმის გამო, რომ ნებაყოფლობით არ ვთქვი უარი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტობაზე. მალე ჩემ წინააღმდეგ შეთითხნეს საქმე ვითომცდა 10 000 ლარის მითვისების გამო, რაც წმინდა წყლის ფაბრიკაციაა. საპატიმრო სასჯელი რომ ამერიდებინა, მეგობრების დახმარებით დავტოვე საქართველო და, როგორც ზემოთ, ვთქვი, აშშ-ში მიმავალი, გზად უკრაინაში გავჩერდი. მას მერე აქ ვარ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ რუსეთმაც მომისაჯა დაუსწრებლად სასჯელი, როგორც მის წინააღმდეგ მებრძოლს. ასე რომ, საქართველოც მდევნის და რუსეთიც.
კობა ლიკლიკაძე
კიევი, სპეციალურად “ინტერპრესნიუსისთვის”




