„კაშხალში წყლის მცირე მარაგია და ჰესი ელექტროენერგიის მიწოდებას ოკუპირებული აფხაზეთისთვის ძველებურად ვეღარ ახერხებს“ – გია ხუბუა

აფხაზეთში ენერგოკრიზისია. ნოემბრიდან მოყოლებული მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტებს ზამთრის სეზონზე ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად მიაქვთ, მათ ეს არ ყოფნით და მოსახლეობა ნახევრად ჩაბნელებულია. წელს ვითარება კიდევ უფრო დრამატულია. საქმე ისაა, რომ ენგურჰესის კაშხალზე წყლის დონე უკვე კრიტიკულ დონეზე დაბლაა. შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.
ზამთარში საქართველოს მთავარი ელექტროსადგური რეალურად მხოლოდ სეპარატისტებისთვის მუშაობს. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენი აფხაზებს, წლებია, მთლიანად მიაქვთ და ისიც არ ჰყოფნით, საქართველო კი საჭირო ელექტროენერგიის ნაწილს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს.
ენგურჰესის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ოკუპირებულ რეგიონს მიაწვდიან დენის მცირე რაოდენობას, რის საშუალებასაც ჰესი მისცემს, მაგრამ ის, რომ ელექტროენერგია შეიძინონ და იმპორტირებული ელექტროენერგიით მოამარაგონ, ამ ნაბიჯის გადადგმას ქართული მხარე არ აპირებს. გალისა და ოჩამჩირის ელექტროენერგიით მომარაგებას კი შეზღუდული რესურსით გააგრძელებენ.
რეალობა ოკუპირებული რეგიონისთვის რთულია, ვინაიდან ენგურჰესში წყლის დეფიციტია. ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ “რეზონანსს” დაუდასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ საქართველო შეეცდება აფხაზეთის ენერგომომარაგება შეზღუდული რესურსით გააგრძელოს, რისი შესაძლებლობაც იქნება. ხუბუას თქმით, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის შესყიდვა და იმპორტით დეფიციტის შევსება არ იგეგმება.
,,სხვა არანაირი პრობლემა არ არის, კაშხალში წყლის მცირე მარაგია და ჰესი ელექტროენერგიის მიწოდებას აფხაზეთისთვის ძველებურად ვეღარ ახერხებს. მუდმივად არის ამის პრობლემა, მაგრამ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა წინა წლებში მეტ ელექტროენერგიას ყიდულობდა სგან, ახლა ეტყობა, ამას ვეღარ ახერხებს.
მომარაგების კუთხით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. არ ვცვლით პოლიტიკას და გავაგრძელებთ ელექტროენერგიის მიწოდებას აფხაზეთისთვის, თუმცა ამ ეტაპზე წყალსაცავში წყლის დონე მცირეა და ამ მხრივ ნამდვილად არის პრობლემაა. გალსა და ოჩამჩირეს ვაწვდით, დანარჩენს რუსეთი მიაწოდებს, უბრალოდ, უნდა გადაიხადონ აფხაზებმა. ჩვენ ნამდვილად ვერ შევუძენთ დენს აფხაზეთს, მაგრამ იმ მოვალეობას შევასრულებთ, რის შესაძლებლობასაც მოგვცემს ჰესი, მომარაგებას გავაგრძელებთ შეზღუდული რესურსით, ამაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებთ”, – აღნიშნა გია ხუბუამ ,,რეზონანსთან” საუბრისას.
ენერგეტიკის სფეროში შექმნილ მძიმე მდგომარეობას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ საგანგებო უწოდა. „ენგურჰესის კაშხალში დონემ ავარიულ დონეს მიაღწია. წყლის შედინება დაბალია და წამში მხოლოდ 40 კუბურ მეტრს შეადგენს. ამიტომ ენგურჰესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერდეს. იძულებული ვართ, გავზარდოთ გრაფიკის ხანგრძლივობა და ელექტროენერგიის იმპორტი“, – განაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა.
ელექტროენერგიის დეფიციტის გამო აფხაზეთი 1-ლი ნოემბრიდან დენს რუსეთიდან ყიდულობს, რისთვისაც თანხა ამოეწურა. ამიტომ დე ფაქტო მთავრობა იძულებულია საფასურის გადასახდელად ყველა გადასახდელი, მათ შორის, ბიზნესხარჯები და მიზნობრივი პროგრამები შეაჩეროს. კერძოდ, აფხაზეთმა 28 ნოემბერს რუსეთში 80 მლნ რუბლი გადარიცხა, რაც მიწოდებას მხოლოდ 5 დეკემბრამდე უზრუნველყოფდა. ამჟამად, აფხაზურ მხარეს რუსული დენის შემდეგი გადასახადისთვის ფული აღარ დარჩა. გამოდის, რომ 1-2 დღეში რეგიონი, შესაძლოა, სრულად ჩაბნელდეს.
საყურადღებოა ის ფაქტორიც, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2016 წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1 მლრდ კვტ/სთ-ით, რაც კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ არაეფექტური ბრძოლის შედეგია.
ამჟამად, მთელ ტერიტორიაზე ჯერჯერობით დენის გათიშვის ოთხსაათიანი გრაფიკი მოქმედებს. მოსახლეობას მიწოდება დღისით და ღამით ორ-ორი საათით ეზღუდება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გათიშვის ხანგრძლივობა გაცილებით დიდია დ ის მუდმივად უარესდება. აფხაზეთში მცხოვრებმა დიანა გაბისონიამ ,,რეზონანსთან” საუბრისას ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შექმნილ ვითარებას კრიტიკული უწოდა.
,,ელექტორენერგიის დაკავშირებით ჩვენთან ზამთარ-ზაფხულ უწყვეტი პრობლემაა, მაგრამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. აქ ცხოვრება ძალიან რთულია. მოწყვეტილი ვართ ყველანაირ კომფორტს. ახლა ელექტროენერგიის გარეშე ვრჩებით. დილა, საღამო, შუადღე შუქი მუდმივად ქრება. ზამთარში უშუქობა ძალიან ძნელია.
ელექტროენერგიის გადასახადს ყოველთვიურად ვიხდით და შუქი არ მოგვეწოდება. გაგონილა ასეთი უსამართლობა?! ვერც კონკრეტულ პასუხს ვიღებით, მდგომარეობის გამოსწორებასთან დაკავშირებით. ადრე 2-3 საათით ითიშებოდა და დიკომფორტს განვიცდიდით. ახლა თითქმის უშუქოდ დავრჩით. ჩვენი განმკითხავი არავინაა. ვართ ასეთ გაუსაძლის პეირობებში. ამოტომაც გაიქცა ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ქართველობა გალის რაიონიდან. დაცარიელდა სოფლები”, – განუცხადა ,,რეზონანსს” დიანა გაბისონიამ.
www.resonancedaily.com