“კაფე მზიური” აუქციონის გზით იყიდება – „გვინდა გვჯეროდეს, რომ მდიდარი ბიზნესმენის მორიგ ობიექტად არ გადაიქცევა“

“კაფე მზიური” აუქციონის გზით იყიდება. როგორც სოციალური საწარმოს ადმინისტრაცია წერს, ამის შესახებ წერილი სახალხო დამცველის აპარატიდან უკვე მიიღეს და ახლა უკვე აუქციონის პირობების გასაჯაროვებას ელოდებიან.

“მივიღეთ წერილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, სადაც გვატყობინებენ ჩვენს კაფესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, აუქციონის შესახებ. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მიმართვისა, თბილისის მერიიამ უპასუხოდ დატოვა ყველა ჩვენი კითხვა. ომბუდსმენის აპარატი აღმოჩნდა ერთადერთი საჯარო უწყება, რომელმაც გვამცნო მერიის გადაწყვეტილების შესახებ.

ჩვენ დაველოდებით აუქციონის პირობების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკონკურსო პირობები იქნება გამჭვირვალე, თანაბარი და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველა ის ბარიერი, რაც შშმ პირებს სხვებთან თანაბარ პირობებში გახდის კონკურენტუნარიანს.

როგორც იცით, კაფე “მზიური” წარმოადგენს სოციალურ საწარმოს (რაც გულისხმობს ფინანსური მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ მიზნებში) და გახსნის დღიდან დასახული მიზნების ერთგულია. ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ სივრცეში არსებულმა კაფემ გააგრძელოს იგივე კონცეფციით მუშაობა. გაითვალისწინოს ჩვენი საზოგადოების სოციალური პრობლემები და გარემოსდაცვითი საკითხები.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი კაფე არ გადაიქცევა მდიდარი ბიზნესმენის მორიგ ობიექტად და წყალში არ ჩაგვიყრის მრავალი წლის მანძილზე ერთობლივი შრომით მიღებულ შედეგს.

გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მზიურის კაფეს გადასარჩენად. “მზიური” უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერ სივრცედ, როგორც თანასწორობის, ინკლუზიის მაგალითი და სხვა არაერთი სასარგებლო ინიციატივის ავტორი.

ეს პატარა კაფე არ არის მხოლოდ შენობა და ერთი საკადასტრო კოდი – ის ვართ ჩვენ,”- ვკითხულობთ “კაფე მზიურის” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “კაფე მზიურთან” დადებული ხელშეკრულება ქონების მართვის სააგენტომ ივნისში აღარ გააგრძელა. როგორც მაშინ სოციალური საწარმოს ადმინისტრაცა წერდა, თბილისის მერიამ ქონების აუქციონზე გატანა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადაწყვიტა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ