გერმანული აუქციონის სახლი კატინის 1940 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა პირადი ნივთების გაყიდვას ნაცისტური ეპოქის დოკუმენტებთან და არტეფაქტებთან ერთად გეგმავდა, რამაც პოლონეთის ხელისუფლებისა და ჰოლოკოსტის მემორიალური ორგანიზაციების მწვავე პროტესტი გამოიწვია.
დასავლეთ გერმანიის ქალაქ ნოისში მდებარე აუქციონის სახლ „ფელცმანს“ 623-ნივთიანი კერძო კოლექციის ნაწილის გაყიდვა ორშაბათს უნდა დაეწყო. ომის ვეტერანთა და რეპრესირებულთა პოლონეთის ოფისის (UdSKiOR) ინფორმაციით, აღნიშნული კოლექცია უკავშირდებოდა როგორც ნაცისტური გერმანიის, ისე საბჭოთა კავშირის მიერ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა სახელებს.
გასაყიდ ნივთებს შორის იყო ტელეგრამა, რომელიც პატიმარმა უმინსკიმ გაგზავნა სტარობელსკის ბანაკიდან და წერილის კონვერტი, რომელიც ოსტაშკოვის ბანაკში მყოფმა იან ლეშჩინსკიმ დაწერა. ეს ორივე არტეფაქტი კატინის სიკვდილით დასჯის სერიას უკავშირდება, რომელიც საბჭოთა უშიშროების ძალებმა განახორციელეს.
UdSKiOR-ის ხელმძღვანელმა, ლეხ პარელმა აუქციონის სახლს წერილობით მიმართა და ნივთების გაყიდვიდან მოხსნა და პოლონეთის შესაბამისი მუზეუმებისთვის მათი გადაცემა მოითხოვა.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით მსგავსი მემორიალური არტეფაქტებით ვაჭრობას, მათ შორის იმ ნივთებით, რომლებიც 1940 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ მოკლული მსხვერპლის ნათესავებს დარჩათ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ასეთი არტეფაქტები „ოჯახური და ეროვნული მეხსიერების“ ნაწილია.
1940 წლის კატინის ხოცვა-ჟლეტა საბჭოთა „ენკავედემ“ (НКВД) განახორციელა. მისი სამიზნე დაახლოებით 22 000 პოლონელი სამხედრო ოფიცერი, პოლიციელი და ინტელიგენციის წარმომადგენელი იყო.
აუქციონზე ასევე იგეგმებოდა ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების ისეთი დოკუმენტების გაყიდვა, როგორიცაა აუშვიცის ბანაკის პატიმრის წერილი, დახაუს ბანაკის სამედიცინო დასკვნა იძულებითი სტერილიზაციის შესახებ, გესტაპოს მოხსენებითი ბარათი, რომელიც 1942 წელს ებრაელი პატიმრის სიკვდილით დასჯას ადასტურებს, ანტისემიტური პროპაგანდისტული პლაკატი და ებრაული ვარსკვლავი ბუხენვალდის ბანაკიდან.
აუქციონის ამ სახით ჩატარებას აუშვიცის საერთაშორისო კომიტეტი და პოლონეთის მთავრობა შეეწინააღმდეგნენ.
კვირას, 16 ნოემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონელი დიპლომატების, მათ შორის ელჩ იან ტომბინსკის ჩარევის შემდეგ, ნივთები აუქციონის სახლის ვებ-საიტიდან ამოიღეს.
სიკორსკიმ დასძინა, რომ ის და მისი გერმანელი კოლეგა, იოჰან ვადეფული შეთანხმდნენ, გაყიდვა არ შემდგარიყო.
UdSKiOR-ის ცნობით, ამ ნივთების აუქციონზე გაყიდვის განზრახვამ პოლონეთში დიდი საზოგადოებრივი აღშფოთება და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მხრიდან მრავალი კრიტიკული გამოხმაურება გამოიწვია.
წყარო: 1 არხი




