კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტების შეხვედრა გაიმართა

კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იმსჯელეს და მათ მიერ წამოწყებული ადგილობრივი ინიციატივები წარადგინეს.
ღონისძიება გაიმრათა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით.
მათივე ცნობით, შეკრების ბევრი მონაწილე სხვადასხვა წლებში ჩართული იყო საზაფხულო ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“, რომელმაც გარემოსდაცვითი განათლების პლატფორმა შექმნა საქართველოს ახალგაზრდებისთვის. ამ უნიკალური გამოცდილების გათვალისწინებით, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა ისაუბრეს ახალგაზრდული გარემოსდაცვითი აქტივიზმის განვითარებაზე.
დისკუსია დაიწყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „გმადლობთ ამ სამყაროსთვის“ ჩვენებით, რის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ვიდეო-პროექტის შემქმნელებთან – ახალგაზრდა კლიმატის ელჩთან და UNDP-ის რეგიონული ახალგაზრდული ქსელის „Generation Nexus“ წევრთან, რეზი დგებუაძესთან და UNDP-ის რეგიონული ჰაბის ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტთან, ქერენ სირილოსთან.
„გმადლობთ ამ სამყაროსთვის“ ორიგინალური დოკუმენტური ვიდეო-პროექტია, რომელიც შემოქმედებითი ხერხებით გვიყვება, თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებაზე და როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს ჩვენს ცვალებად რეალობაში.
ფილმი აგებულია თანამედროვე ახალგაზრდას გულწრფელი წერილების გარშემო. მასში ასევე გამოყენებულია ცნობილი ამერიკელი პოეტის, პაციფისტისა და გარემოსდამცველის, უილიამ მერვინის ლექსი „გმადლობთ“.
„10 წელიწადში რა გველოდება? სიმწვანე ისევ იქნება?“- კითხულობს რეზი. პასუხი მერვინის სევდიან სიტყვებს ეხმიანება: „მადლობას უფრო და უფრო სწრაფად ვამბობთ არავის ესმის“.
„რეზისთან თანამშრომლობა საოცრად შთამაგონებელი და საინტერესო იყო. ამ პროექტმა გვაჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა აცნობიერებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისის სიმწვავეს და ცდილობს, რომ გარემოსთან კავშირი აღადგინოს“, – აღნიშნა ქერენ სირილომ.
„მწვანე ბანაკისა და რეგიონული ახალგაზრდული ქსელის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ კლიმატის ცვლილების პირისპირ მარტო არ ვართ. ჩვენი ერთიანობა და თანამშრომლობა გადაწყვეტების მოძიებაში გვეხმარება“, – აღნიშნა რეზი დგებუაძემ.
ღონისძიება გაგრძელდა ახალგაზრდული პროექტების წარდგენით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კლიმატის ელჩების ინიციატივით განხორციელდა.
ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა გარემოსდაცვითი განათლება, ცხოვრების მწვანე წესი და სათემო ჩართულობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქმეში. ამ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივების მეშვეობით, ახალგაზრდები ყოველდღიურად ცვლიან სამყაროს უფრო მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარების მიმართულებით.
„ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საქმიანობის ეპიცენტრში არიან. მათი ჩართულობა და მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კატასტროფებისგან დაცული, უსაფრთხო და მდგრადი მომავლის მშენებლობისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა სიამაყით უჭერს მხარს ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომლებიც ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ ცხოვრების მდგრადი წესის დანერგვას“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ნილს ქრისტენსენმა და დასძინა:
„საგანმანათლებლო პროგრამების, სტიპენდიებისა და სასკოლო გრანტების მეშვეობით, ხელს ვუწყობთ ასობით ახალგაზრდას, რომ კლიმატის ცვლილების საკითხებში ცოდნა გაიღრმავონ და გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩაერთონ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა მზად იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.