კატასაც უნდა პიანინოზე დაკვრა! — სახალისო საახალწლო რეკლამა

კატები ძალიან ურჩი და „ყველაფრის მკადრებელი“ არსებები რომ არიან, ამას მათი არაერთი ქმედება ადასტურებს. როგორც ადამიანს, რაღაცნაირად ისეთი შეგრძნებაც გიჩნდება ხოლმე, რომ ნებისმიერი კატა ზემოდან გიყურებს — თითქოს, შენზე უპირატესია, უფრო მაგარი ტიპია და შენ მისი მსახური უნდა იყო. რას ვიზამთ, ეს არაჩვეულებრივი სიამაყე ყველა კატის განუყოფელი ნაწილია. ნაწილობრივ, სწორედ ამას ეყრდნობა შინაური ცხოველების ბრენდ Temptations-ის საახალწლო რეკლამა.
მთელ სიუჟეტს 1970-იანი წლების რეტრო ესთეტიკა გასდევს. რამდენიმე წამით წარსულში ვბრუნდებით, რომელიც სავსეა ძველებური დახვეწილი დეკორაციებითა და მბზინავი კოსტიუმებით. სარეკლამო სააგენტო Adam&EveDDB-ის მიერ გადაღებულ ვიდეორგოლში დუეტი The Armstrong Sisters მთავარ როლს ითავსებს — უბრალოდ, მათ შესანიშნავ სიმღერას კატა არღვევს, რომელიც სრული თავდაჯერებით აბრახუნებს თათებს პიანინოზე. მერე რა მოხდა, მასაც ხომ უნდა სადღესასწაულო ზეიმში მონაწილეობის მიღება?!
საბოლოოდ, კატას ბრენდის პროდუქტით კი აცდუნებენ და მის ყურადღებასაც გადაიტანენ პიანინოდან, მაგრამ კრეატივის თვალსაზრისით, მთავარი მაინც სიუჟეტის პირველი ნაწილია.