კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა, – ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- მედიის ცნობით, კატარმა ირანში საპასუხო დარტყმები განახორციელა მას შემდეგ, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე იერიში მიიტანა.
ამასთან, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ დარტყმები საუდის არაბეთმაც მალე დაიწყოს.
- გუშინ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯიდ ალ ანსარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა ვერ დარჩება უპასუხოდ და ფასი უნდა იქნას გადახდილი.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დოჰას არ აქვს კონტაქტი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან ფოკუსირებულია ქვეყნისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე.
“მოცემული მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაკავებულები ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვით“,- განაცხადა პრესსპიკერმა.
მისი ინფორმაციით, კატარზე თეირანმა განახორციელა 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა და ასევე თავდასხმა დრონებით, თავდასხმის სამიზნე კი რიგ შემთხვევაში გახდა სამოქალაქო და კომერციული ობიექტები. მისივე თქმით, კატარმა მიიღო დამატებითი ზომები და აქვს მჭიდრო კოორდინაცია როგორც აშშ-სთან, ისე გალფის სახელმწიფოებთან.
შეგახსენებთ, ირანმა ღამით საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა დრონებით განახორციელა. თავდასხმას ხანძარი და მცირე მატერიალური ზიანი მოჰყვა.




