აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ორი დღითგაგრძელდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. „ჰამასის“ სპიკერმა Reuters-ს დაუდასტურა შეთანხმების გაგრძელება. ოფიციალური დადასტურება ისრაელის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.
წინა შეთანხმებით, პაუზა 28 ნოემბერს, ღამით უნდა დასრულებულიყო.
ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება საშუალებას იძლევა გაათავისუფლონ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეები და უცხოელები. საპასუხოდ, ისრაელი ციხიდან ათავისუფლებს პალესტინელებს, რომლებსაც ტერორიზში მონაწილეობა ბრალდებათ. გარდა ამისა, პაუზა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საშუალებას იძლევა.
ისრაელი პირდაპირ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“. შუამავლები არიან კატარის, ეგვიპტის და ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა.
ახლა მოქმედ ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის დროს, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო, „ჰამასმა“ გაათავისუფლა 58 მძევალი. ესენი არიან ისრაელელი ქალები და ბავშვები, ასევე უცხოელები. ისრაელმა, თავის მხრივ, გაათავისუფლა 100-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი – ქალი და მოზარდი.
ისრაელის მძევლების მეოთხე ჯგუფის პალესტინელ პატიმრებზე გაცვლა 27 ნოემბრის საღამოსთვის იყო დაგეგმილი.
ისრაელის მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ ეს არის პაუზა და არა ზავი და მისი დასრულების შემდეგ ისრაელის არმია განაახლებს საომარ მოქმედებებს მანამ, სანამ „ჰამასი“ მთლიანად არ განადგურდება ღაზას სექტორში.