კატარმა განაცხადა, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიღწეულია შეთანხმება ღაზის სექტორში მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების შესვლის შესახებ.
შეთანხმების მიხედვით, მედიკამენტების მიწოდება დასაშვები იქნება ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და “ჰამასის” 100-ზე მეტი მძევლისთვის.
საფრანგეთის დახმარებით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი რაოდენობაც მიეწოდება.
ეს არის პირველი შეთანხმება მხარეებს შორის, მას შემდეგ, რაც ნოემბერში ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ზავი დაიდო.
ისრაელის პრემიერის ოფისმა ღამით განაცხადა, რომ კატარის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი მოსალოდნელია, რომ ხვალ გაფრინდება ეგვიპტეში საფრანგეთიდან შეძენილი მედიკამენტებით. წამლები იმ სიის საფუძველზე იყიდეს, რომელიც ისრალემა შეადგინა “ჰამასის” მძევლების საჭიროებების მიხედვით.
“ისრაელი დაჟინებით მოითხოვს, რომ ყველა მედიკამენტმა მიაღწიოს დანიშნულების ადგილს”, – ნათქვამია განცხადებაში.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 25 სატვირთო მანქანით დახმარება მიიღეს. მანქანები საკვებით, წყლით, სამედიცინო ნივთებით გაიგზავან რაფაჰის გადასასვლელის გავლით ალყაში მოქცეულ ანკლავში.
“დამატებით, 46 კომერციული სატვირთო მანქანა შევიდა რაფაჰის პუნქტში, გარდა ამისა, ჰუმანიტარული დახმარების 102 სატვირთო მანქანა შევიდა კარემ აბუ სალემის პუნქტის გავლით”, – განაცხადა ორგანიზაციამ.
კონფლიქტის დაწყებამდე ღაზაში ყოველდღიურად დაახლოებით 500 სატვირთო მანქანა შედიოდა.