კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი მაჯედ ალ-ანსარი მკაცრად გმობს „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ თავდასხმას ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე და ამ მოქმედებას აფასებს „კატარის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევად”.
ალ-ანსარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია:
“ვადასტურებთ, რომ კატარი იტოვებს უფლებას, პირდაპირი და თანაზომადი პასუხი გასცეს ამ უტიფარ აგრესიას, მისი ბუნებისა და მასშტაბის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის დაცვით”.
კატარის ხელისუფლების მაღალჩინოსნის თანახმად, “კატარის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით მოიგერია თავდასხმა და გადაიტაცა ირანის რაკეტები”.
მაჯედ ალ-ანსარის ინფორმაციით, დეტალურ ინფორმაციას თავდასხმის გარემოებების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებს კატარის თავდაცვის სამინისტრო.
საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ასეთი სამხედრო ქმედების გაგრძელება “ძირს გამოუთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და ჩაითრევს იმგვარ ვითარებებში, რომლებიც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”.
ალ-ანსარი კატარის მთავრობის სახელით გამოდის “ყველა სამხედრო მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან და დიალოგთან სერიოზულად მიბრუნებისკენ” მოწოდებით:
“მეტიც, კატარის სახელმწიფო ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ისრაელის მიერ რეგიონში ესკალაციის წინააღმდეგ გაფრთხილებით”.
ალ-ანსარის განცხადების თანახმად, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა, ალ-უდეიდის ბაზის ევაკუაცია რეგიონში ვითარების დაძაბვისთანავე მოხდა:
“ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგა ბაზის პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებისთვის, კატარის შეიარაღებული ძალების წევრების, მეგობრული ძალებისა და სხვათა ჩათვლით. ვადასტურებთ, რომ თავდასხმას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია”.
23 ივნისს რამდენიმე საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზებზე თავდასხმის დაწყების შესახებ. გავრცელდა ცნობები დოჰას თავზე აფეთქებებზე.
ფორუმი
