კატარის დელეგაცია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებების განახლების მიზნით, დღეს კაიროში გაემგზავრება, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ჰამასმა“ ორშაბათს შუამავლებს ზავის წინადადებაზე პასუხი გაუგზავნა.
კატარის ხელისიფლება, რომელიც ეგვიპტესთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი და მუდმივი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდება.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შუამავლების წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ისრაელმა განაცხადა, რომ პირობები მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ჰამასის წინადადება შორს არის ისრაელის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან, ისრაელი ეგვიპტეში დელეგაციას გაგზავნის, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ისრაელისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა“. ამასათან, ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი ქალაქ რაფაჰში მოქმედებას გააგრძელებს.