კატარის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო – 2025 წლის ჩემპიონი აბუ დაბიში გამოვლინდება | ფორმულა 1

კატარის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო – 2025 წლის ჩემპიონი აბუ დაბიში გამოვლინდება | ფორმულა 1
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ბოლოსწინა, 23-ე ეტაპი კატარში გაიმართა და „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
ფერსტაპენი რბოლას მესამე პოზიციიდან იწყებდა, „მაკლარენის“ წარმომადგენლების უკან. მან რბოლის სტარტზევე ლანდო ნორისი ჩამოიტოვა, ხოლო „რედ ბულის“ მიერ დაგეგმილი სწორი პიტსტოპების ხარჯზე საბოლოოდ ოსკარ პიასტრიზე წინაც აღმოჩნდა.
რბოლაში მეორე ადგილი პიასტრიმ დაიკავა, მესამეზე კარლოს საინსი გავიდა „ვილიამსიდან“, ხოლო ჩემპიონატის ლიდერი, ლანდო ნორისი მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
ფორმულა 1-ის 2025 წლის ჩემპიონის ბედი ბოლო რბოლაში, აბუ დაბიში გაირკვევა. ამჟამად ლიდერი ნორისია 408 ქულით, მეორე პოზიციაზე გადავიდა მაქს ფერსტაპენი, რომელმაც ზაფხულიდან ქულათა ძალიან დიდი სხვაობა აღმოფხვრა და ამჟამად 396 ქულა აქვს, ხოლო პიასტრი 392 ქულით მესამეა.
ამ მოცემულობით, ფერსტაპენს კატარში განვითარებული სცენარი აბუ დაბიშიც მისცემს ხელს – თუ ის პირველ პოზიციაზე გავა, ხოლო ნორისი ასპარეზობას სამეულს მიღმა დაასრულებს, ნიდერლანდელი ზედიზედ მეხუთედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. პირველობის შანსს ინარჩუნებს ოსკარ პიასტრიც.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის გადამწყვეტი რბოლა აბუ დაბიში 7 დეკემბერს ჩატარდება.