კასპში ქრთამის აღებასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

კასპში სავარაუდოდ ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების გამო გუშინ დაკავებულ ორ პირს, რომელთაგან ერთი საჯარო მოხელეა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. ბრალდებულების ადვოკატები 10 000-10 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვენ იმაზე დაყრდნობით, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ და ბრალს აღიარებდნენ. ამას გარდა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს ერთ ბრალდებულს, მეორე კი — ერთადერთი მარჩენალია.
შეგახსენებთ, რომ სუსმა გუშინ, დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 4 ადამიანი დააკავა სხვადასხვა რეგიონში, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.
კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და კიდევ ერთი მოქალაქე, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით.
სუს-ის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით, 560 ლარის სანაცვლოდ დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.