კასპში მზის ელექტროსადგური აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტში მზის ელექტროსადგური აშენდება. პროექტს კერძო კომპანია „ენერჯი გრუპი“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება $6 000 000-ია.
მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით მოწონებულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „კასპის მზის ელექტროსადგურის“ კონცეფცია. ამავე განკარგულებით, შემსრულებელ კომპანიას პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევბის) ჩატარება დაევალა.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 10 მგვტ., რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 14.077 მლნ.კვტ.სთ ელ. ენერგიის დამატებით წარმოებას. 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის მიერ გენერირებული ელ.ენერგია ეკვივალენტური იქნება ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის ~ 0.22 %-ის.
„ზოგადად, საქართველოში არსებული ენერგორესურსების ჯანსაღი და სწორი ათვისება, რომლის პოტენციალიც საქართველოში საკმაოდ დიდია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის (ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი ზეწოლაა ეკონომიკის განვითარებისათვის), ისე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 6 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში. ამის გარდა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და გარემოზე დადებითი გავლენის სახით. პროექტის მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად შევა დაახლოებით 60 000 აშშ დოლარი.
პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის მიღწევას, მათ შორის: სიღარიბის დაძლევა, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სამუშაო ადგილები, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, პასუხისმგებლიანი (გონივრული) მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა, პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.
პროექტზე, როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების სტადიაზე დასაქმებული იქნებიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, რაც ხელს შეუწყობს ლოკალური ეკონომიკისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია პროექტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ