კასპის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. ამ დროისთვის ენმ-ს საკრებულოში 2 მანდატი რჩება.
ენმ-ის წევრის, გიორგი შარიფაშვილის თქმის, ფრაქციისა და პარტიის დატოვების მიზეზი პარტიის ახალი ხელმძღვანელობაა, რომელმაც, შარიფაშვილის თქმით, არცერთი დაპირება არ შეასრულა.
“მივიღეთ პრინციპებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. პარტიის მენეჯმენტი და ახალი ხელმძღვანელობა ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურად და ყველა პრინციპით დაგვშორდა. პარტიის თავჯდომარის მიერ დაანონსებული არცერთი დაპირება არ შესრულდა, რომელსაც საარჩევნოდ უხვად იძლეოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ წლების მანძილზე არ გვიბრძოლია იმისთვის და თავი არ გაგვიწირავს იმისთვის, რომ დღეს, პარტიას არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების რესურსი”. – ამბობს შარიფაშვილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ენმ-ის წევრები ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.
გუშინ, 7 დეკემბერს ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია 10-მა დატოვა.
ხობის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ია ჯიშკარიანის თქმით, ამის პარტიის დატოვების მიზეზი ენმ-ის ახალი ხელმძღვანელობაა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიიდან წასულები ახალი პლატფორმის შექმნას აპირებენ.
“პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის ე.წ. მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორიშორება. მოსყიდვებითა და ინტრიგებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგარებული პიროვნებების, ფსევდო მიშისტების ფსევდო ჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია. ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეისთვის, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ბიზნესინტერესებით იყო ნაკარნახევი. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერთობაზე ლაპარაკობდა და საუბრობს, მისი ახალი მენეჯმენტიდან ბილეთები არის აფრიალებული. ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა და ასევე, რაიონული ორგანიზაციის მებრძოლ ადამიანთა სრულმა უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. – ამბობს ჯიშკარიანი.
6 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებაში აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ენმ-ს საკრებულოში სულ 22 წევრი ჰყავდა.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.
4 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ.
2 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებმაც მოითხოვეს.
1 დეკემბერს კი თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, “მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად”.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე.წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს “ერთიანობის დოკუმენტს” და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას”
“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?” – თქვა დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.
ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ “პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ”.
სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ “თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ”.