კარტელური გარიგებები, კორუფცია და ნეპოტიზმი – რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში?

ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი კახა ნურალიძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ კარტელურ გარიგებებზე საუბრობს. ,,კომერსანტთან” ექიმი აცხადებს, რომ კლინიკებსა და სასწრაფო დახმარების სისტემას შორის გარიგებები იდება, შედეგად სასწრაფოს პაციენტები კონკრეტულ კლინიკებში გადაჰყავს, რაც სამედიცინო დაწესებულებებს ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.
,,კონკრეტული კლინიკები ურიგდებიან სასწრაფო დახმარებას და მათთან შეჰყავთ პაციენტები. მიუხედავად შემოთავაზებებისა ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია. ეს საუბრები მე მქონდა ჯანდაცვის სისტემის პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელთან. ეს ყველამ იცის. არავისთვის უცხო არ არის. რა არის ფინანსური თემა – მომიყვან პაციენტებს, მიიღებ ამდენ თანხას. ეს ხდება კულისებს მიღმა. რაც შეეხება პირდაპირ დადასტურებას, ეს არის საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა. კარტელურ სისტემებში მე ვგულისხმობ ისეთ ურთიერთობებს, როდესაც ერთი კომპანიის ან ერთი მფლობელის ხელში არის როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ასევე პირველადი ჯანდაცვის სექტორი, ფარმაცია, სადაზღვევო კომპანიები. ეს უკვე ქმნის კარტელს. თანხა სამინისტროდან კი არ ბრუნავს ქვეყნის მასშტაბით, არამედ მოძრაობს კარტელში. ეს მოხდა ფარმაციულ სისტემაში, ჰოსპიტალურ სისტემაში, საყოველთაო დაზღვევის ანაზღაურების სისტემაში და უკვე ბრუნავს შიგნით.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში კახა ნურალიძე.
მედიკოსი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს. აცხადებს, რომ სისტემაში ტოტალური კორუფცია ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა რომ საკითხის მოგვარების მცდელობა იყო და რამდენიმე პირიც დააკავეს.
,,ნებისმიერმა ექიმმა იცის, რომ რა თქმა უნდა ადგილი ჰქონდა უბრალო კორუფციას არა, ტოტალურ კორუფციას. ვერ ვიტყვი, რომ არ იყო ამისი გამოსწორების მცდელობები. მაგრამ როდესაც პრობლემა სისტემურია ერთი და ორი ადამიანის ან თუნდაც რამდენიმეს დაკავება პრობლემას ვერ გამოასწორებს. სახელმწიფო დონეზე რაღაც ნაწილი არის, მაგრამ ახლა, რომ თქვან, რომ აქ ჩართულია ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ადამიანმა დაიწყო დრომოჭმული სისტემის რეორგანიზაცია.”- აცხადებს კახა ნურალიძე.
კიდევ ერთი პრობლემა ნეპოტიზმია. კახა ნურალიძე აცხადებს, რომ სისტემა პროფესიონალმა მედიკოსებმა დატოვეს. მისივე თქმით, სახელმწიფო კლინიკები თავიანთ ვალდებულებას ვერ ასრულებენ. კერძო კლინიკები კი პაციენტებს უკეთეს ინფრასტრუქტურას და გაცილებით დიდი კომფორტს უნდა სთავაზობდნენ, რადგან მომსახურებაში დიდ თანხებს იღებენ.
,,სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკები ვალდებულები არიან აღზარდონ ექიმების თაობა. პროფესურა ვალდებულია ეს გააკეთოს სახელმწიფოსა და მომავლის წინაშე. თუ უნდა მას ზედმეტი შემოსავალი და ფულის შოვნა ამისთვის არსებობს კერძო სექტორი. პარალელურად კერძოს სექტორი იძულებულია ჰქონდეს ბევრად უკეთესი ინფრასტრუქტურა, ბევრად უკეთესი კომფორტი, რაშიც გადაახდევინებს გადახდისუნარიან პაციენტს თანხას. ჩვენ გვაქვს რა, სახელმწიფო სტრუქტურა არ არსებობს. არც ერთი სახელმწიფო კლინიკა არ ვარგა. 2013 წლიდან ვცდილობ, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის პაციენტზე ორიენტირებული თანამშრომლობის დაწყებას. მაგრამ ეს ვერ შევძელით ნეპოტიზმის გამო. როცა ჰარვარდის ლიდერების სკოლა გაქვს დამთავრებული, სრული პროფესორი ხარ, ეროვნული აკადემიის ექსპერტი ხარ და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ კონკურსში წყალკანალტრესტის თანამშრომელი გიგებს, ასეთ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა.”- აცხადებს კახა ნურალიძე.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი პრობლემების მოგვარების მთავარ გზად სისტემის სრულად შეცვლას ასახელებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემას პროფესიონალი ექიმები უნდა დაუბრუნდნენ. კახა ნურალიძე მიიჩნევს, რომ დღეს სისტემის მსხვერპლი და მძევალი ექიმებიც არიან და ვითარების შესაცვლელად საჭიროა სახელმწიფოსა და სპეციალისტებს შორის დიალოგი.