ახალგაზრდების დასახმარებლად, მათთვის კარიერული ორიენტირების დასახვისათვის და საყვარელი საქმის აღმოსაჩენად, ერთი წლის წინ “კარიერის აკადემია” დაფუძნდა, – ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას, აკადემიის დამფუძნებელმა შორენა ქადიძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, “კარიერის აკადემიის” მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემოიკრიბოს საერთო ღირებულებების გარშემო; გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ თავიანთ თავზე, ცდილობენ იპოვონ საყვარელი საქმე და არჩევანს გააზრებულად აკეთებენ.
„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კონსულტაციებს როგორც ფიზიკურ სივრცეში, აგრეთვე ონლაინ პლატფორმაზე. ვთვლით, რომ კარიერაზე ფიქრისთვის საუკეთესო ასაკი 13 წელია, ამიტომაც ჩვენს აკადემიაში მიღება სწორედ ამ ასაკიდან იწყება“, – აღნიშნა შორენა ქადიძემ.
„კარიერის აკადემიის“ შექმნისთვის განხორციელებული პირველადი ინვესტიციის მოცულობა 3 300 ლარს შეადგენს. გუნდი 5 ადამიანისგან შედგება, დანარჩენი მოთხოვნიდან გამომდინარე მოწვეული ლექტორები და ტრენერები არიან. რაც შეეხება აკადემიაში სწავლის ღირებულებას, ის ერთი საგნის სწავლების 1 წლის გადასახადს უტოლდება.
„კარიერის აკადემია 1 წელია ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე შევხვდით დაახლოებით 400-მდე სკოლის მოსწავლეს, განხორციელდა 10 ონლაინ შეხვედრა და ვიყავით 15-მდე სკოლაში“, – განაცხადა შორენა ქადიძემ.