კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობა ექიმ ეცადაშვილის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვს

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობა ექიმ, კახა ეცადაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მედიკოსთა გაერთიანება ჯანდაცვის სამინისტროს და მიმართავს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მათი კოლეგა.
“30 ნოემბერს მიმდინარე აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, რითმოლოგი კახა ეცადაშვილი. ჩვენი კოლეგა თავის მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციაზე და, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, თავისუფლების აღკვეთისას საქართველოს ჰიმნს მღეროდა. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება გმობს ყოველგვარ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ! ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ ორგანოებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი კოლეგის სათანადო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ჩვენი კოლეგა, რათა მან შეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება.
ასევე, კატეგორიულად ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას და საქართველოს კონსტიტუციის 78 – ე მუხლის უგულებელყოფას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ევროსტრუქტურებში გაერთიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ ეცადაშვილის დაკავებაზე ექიმმა, გიორგი პაპიაშვილმაც, გაავრცელა ვიდეო მიმართვა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ეცადაშვილი არის ნაცემი და იზოლატორში იმყოფება.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.