2024 წელი სადაზღვევო სექტორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში აცხადებს, რომ გასული წლის 11 თვის მონაცემებით, 19-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში მილიარდ 132 მილიონი ლარის ოდენობის პრემია მოაბილიზა, რაც 2023 წლის 12 თვის შედეგზე მეტია. 2024 წელს დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანიებისთვის წარმატებულად აფასებს.
,,2024 წელი იყო ნამდვილად კარგი წელი სადაზღვევო კომპანიებისათვის. ამჟამად რეგისტრირებულია 19 კომპანია, რომლებიც ფლობენ არა სიცოცხლისა და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს. 11 თვის განმავლობაში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა მილიარდ 132 მილიონი ლარი. თუ შევადარებთ 2023 წლის 12 თვის მონაცემებს, მასზე უკვე მეტი არის 11 თვის მაჩვენებელი. მთლიანი პარამეტრებით, ჯამურად ამ კომპანიების მოზიდული პრემია გაიზარდა, გაიზარდა წმინდა მოგება, აქტივები, კაპიტალი. ზარალების ანაზღაურებამ მიაღწია თითქმის 700 მილიონ ლარს. ეს გაზრდილია 2023 წელთან შედარებით 25%-ით.’’- განაცხადა დავით ონოფრიშვილმა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ წელი ახალი სამოქმედო გეგმის დამტკიცებით დაასრულეს. სტრატეგია 4 ძირითად პრიორიტეტს მოიცავს. გარდა ამისა, სამსახურმა ბოლო წლებში გაააქტიურა საერთაშორისო დონეზე მუშაობა.
,,მოვაწერე ხელი სამსახურის განვითარების სტრატეგიას 2025-2028 წლებში. მთელი წელი ვმუშაობდით ამაზე. ეს იქნება ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომლითაც შემდეგი წლების განმავლობაში სამსახური იხელმძღვანელებს. 4 პრიორიტეტული მიმართულება გამოვყავით. ერთი გახლავთ ორგანიზაციის ეფექტიანი მართვა და განვითარება, რაც საფუძვლად ედება სამსახურის ფუნქციონირებას და თანამედროვე მართვის პრინციპებს. საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას, საკომუნიკაციო არხების და ადამიანური კაპიტალის მართვის განვითარებას. მეორე არის საზედამხედველო საქმიანობის შემდგომი გაძლიერება და განვითარება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური არის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც რეალურად არეგულირებს ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების ქმედებებს და შესაბამის ზედამხედველობას უწევს. მესამე არის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების, რადგანაც ყველა ის პროდუქტი, რაც სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შექმნილი რეალურად მიდის მომხმარებლამდე და მომხმარებელი უნდა იყოს დაცული სამართლიანობის პრინციპით, რაზეც ხელი მოეწერა, რაზეც კონტრაქტი არის გაფორმებული კომპანიებმა ის უნდა დაიცვან. თუ ეს ასე არ ხდება, ჩვენი სამსახური ერთ-ერთი მთავარი არის ხოლმე, ვინც შესაძლო კონფლიქტურ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს გარკვეულ დონემდე იღებს. მეოთხე არის ზოგადად სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავება. ეს ეროვნულ დონეზე თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო საქმიანობა, სადაც ძალიან მნიშვნელოვან სიმაღლეებს მივაღწიეთ. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური არის გაწევრიანებული მსოფლიოს საერთაშორისო ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაციაში. იქ არის 150-ზე მეტი დაზღვევის ზედამხედველი და მარეგულირებელი ორგანო სხვადასხვა ქვეყნიდან. ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვართ ჩართული საერთაშორისო საქმიანობაში. განსაკუთრებით ამ ორგანიზაციაში, რადგანაც ეს ორგანიზაცია რეალურად ადგენს ხოლმე ძირითად სტანდარტებს, პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს შემდგომში ამ ქვეყნების საზედამხედველო ორგანიზაციებმა.’’- განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.