“კარგი უნდა მომკვდარიყო, ცუდი დარჩენილიყო: ეს იყო ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობა, რომელსაც ძველი წესრიგი აღარ ემახსოვრებოდა” – გიორგი კობერიძე

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვართ დღეს იქ სადაც ვართ ისაა, რომ ის ინტელექტუალური და მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე პუბლიცისტების შეხედულებებსა და ფასეულობებზე უნდა გაზრდილიყვნენ 1920-ან და 1930-ან წლებში ტერორს – ნეგატიურ გადარჩევას (სელექციას) ემსხვერპლნენ – თავისუფალ ადამიანს, მოაზროვნეებსა და ინტელექტუალებს კლავდნენ და თანაც როგორი ბრალდებით: ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფასეულობების გამო, თითქოს ნაციონალისტურ ორგანიზაციებში იყვნენ და საბჭოთა ხალხის ერთობის რღვევა უნდათო. მათ ნაცვლად, საბჭოთა კავშირის მადიდებელ მორჩილ კლასს ტოვებდნენ. კარგი უნდა მომკვდარიყო, ცუდი დარჩენილიყო: ეს იყო ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობა, რომელსაც ძველი წესრიგი აღარ ემახსოვრებოდა. ვინც ტყვიით არ კვდებოდა ციმბირში უშვებდნენ. ვინც ციმბირს გადაურჩებოდა ქვეყნიდან გარბოდა.
მარტო ეს არ იყო: მებრძოლებსა თუ მოაზროვნეებზე საუბარიც აიკრძალა. მაგალითად ასე დაედო ტაბუ ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და მის თანამებრძოლებზე საუბარსაც. ფოტოებიდანაც კი ამოჭრეს დისიდენტები. მარტივია – მორჩილსა და მოღალატეს – ჰომო სოვიეტიკუსს – არ ესაჭიროებოდა გმირი, როგორც პოტენციურად მისაბაძი მაგალითი. მისი მართვა მორჩილებით, მარტივი სლოგანებით, მცირეოდენი პურის ნამცეცითა და ბევრი სანახაობითაა შესაძლებელი. ასე დაიცალა ქვეყანა იმ ადამიანებისაგან, რომელსაც დღეს მაღალი პოლიტიკური ტრადიციები და კულტურა უნდა შეექმნა.
საბოლოოდ კი გაჩნდა მოაზროვნეებისა და ინტელექტუალების ახალი ტალღა, მაგრამ მათი პოლიტიკური ხედვები და ტრადიციები ათეულობით გამოტოვებული წელის შევსებასა და დამორჩილებული ადამიანის გამოღვიძებას უნდა მოხმარებულიყო. სამაგიეროდ ჰომო-სოვიეტიკუსმაც გააგრძელა თავისი ანტისახელმწიფოებრივი ტრადიცია და დღემდე ამ ბრძოლაშია ქვეყანა. ამიტომაა ქვეყანა იქ, სადაც არის.