„კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია ყოფილიყო“ – ავტოიმპორტიორები +10 ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის გადავადებას ითხოვენ

„ჩვენი ასოციაცია წინააღმდეგი იყო მსგავსი აკრძალვების. მაგრამ როცა მაინც შევიდა დადგენილება ძალაში, კარგი იქნებოდა რომ სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია ყოფილიყო, რა რისკების წინაშე შეიძლება დავმდგარიყავით“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ავტო იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ საგადასახადო კოდექსის ახალი რეგულაციის დანერგვაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა. ახალი დადგენილებით 2013 წლამდე გამოშვებული ავტოტრანსპორტი ქვეყანაში შემოსვლას ვეღარ შეძლებს. მისი თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
„კარგი იქნებოდა, ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ასოციაციასთან მჭიდრო კონტაქტში იყოს. ჩვენ ვასაბუთებდით და წინააღმდეგი ვიყავით მსგავსი აკრძალვების. მაგრამ როცა მაინც შევიდა დადგენილება ძალაში, კარგი იქნებოდა რომ ისევე სექტორთან გამოხმაურება ყოფილიყო, რა რისკებთან შეიძლება დავდგეთ. ეს დადგენილება მოამზადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ჩვენ ეთერითაც მივმართეთ, რომ მზად ვართ ჩართულობისთვის, რომ ნაკლებად მტკივნეულად ჩაიაროს ამ თემამ. გვინდოდა, რომ ჩვენს პრობლემებს მივაწვდიდით ინფორმაციის სახით და შემდგომ დადგენილების ავტორები ან გაითვალისწინებდნენ, ან თუ არ გაითვალისწინებდნენ დაასაბუთებდნენ, რატომ არ ითვალისწინებენ. სამწუხაროდ, გამოხმაურება არ მიგვიღია და ეს არის ცუდი“, – განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ქვეყანაში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებას 3-თვიანი საშეღავათო ვადა გააჩნია. მისი თქმით, ახალი რეგულაცია ასობით ავტომობილს და ავტო იმპორტიორს კანონთან შეუსაბამობის წინაშე აყენებს. რადგან ის ავტომობილებს, რომელთა ქვეყანაში შემოსვლა ობიექტური მიზეზებით 2024 წლის პირველ იანვრამდე ვერ ესწრება, ეს საშეღავათო პერიოდი აღარ აქვთ.
„მაგალითად – ავტომობილი შემოვიდა ქვეყანაში სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში. ასეთი ავტომობილები სრულად ვერ ისარგებლებენ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით. იქ არ არის გარდამავალი პერიოდი, არ არის გათვალისწინებული შეღავათი ასეთი ავტომობილებისთვის. ერთი რომ ეს კანონთან შეუთავსებლობაში მოდის, მეორე საკითხია – ნაწილი ავტომობილების, რომელიც შეძენილია ადრე, გზაშია, 3 თვეზე მეტი სჭირდება ტრანსპორტირებას და ვერ ასწრებენ 2024 წლის პირველ იანვრამდე ქვეყანაში ჩამოვიდნენ, გაურკვეველია ასეთი ავტომობილების ბედი. ხელისუფლება გვეუბნება, რომ გაუშვით რეექსპორტზე. და თუ რეექსპორტზე ვერ და არ გავიდა, რას ვუშვებით?“, – სვამს კითხვას ალექსი ნონიაძე.
მისი თქმით, გონივრული ვადების დადგენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ არ ვითხოვთ, რომ დეკემბერში აუქციონზე შეძენილი ავტომობილის შემთხვევაში მოხდეს განბაჟების თარიღის გადავადება. ჩვენ ვითხოვთ შეღავათებს იმ ავტომობილების შემთხვევაში, რომელთა ქვეყანაში შემოსვლა ობიექტური მიზეზებით დაგვიანდა.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსის ახალი რეგულაციით, რომლის ამოქმედებასაც 2024 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. ამ თემასთან დაკავშირებით ავტო იმპორტიორები ითხოვენ, რომ ეს რეგულაცია რამდენიმე თვით გადავადდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა