კარგი იქნებოდა, მცოდნოდა – დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვაზე

პროკურატურამ ამჯერად საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი გამოჰკითხა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით.
„ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნდა“, – სხვა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მსგავსად, განაცხადა დავით სუჯაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად 24 ივლისს.
„დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახური, მუშაობს თავის ჩარჩოებში. დაზვერვის სამსახური, სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს [ქვეყნის] საზღვრებს მიღმა“, – განაცხადა სუჯაშვილმა.
„დაზვერვის სამსახური აქტიურად არ არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, მე რომ ეს ინფორმაცია არ მცოდნოდა ამაში პრობლემას მე ვერ ვხედავ“, – თქვა მან.
„სამწუხაროდ, ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია [საგუშაგოს აღმართვის შესახებ]. კარგი იქნებოდა, მანამდე მცოდნოდა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა სუჯაშვილმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ მნიშვნელოვანი არ იყო ის, ეცოდინებოდა თუ არა დაზვერვის სამსახურის უფროსს საპოლიციო საგუშაგოს გახსნის ამბავი წინასწარ, მაშ, რატომ გამოჰკითხეს იგი პროკურატურაში, სუჯაშვილმა განაცხადა:
„ჩატარდა რეფორმა, შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო… კანონი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ … არეგულირებს ამ საბჭოს საქმიანობას. დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არის მუდმივი წევრი ამ საბჭოსი. აქედან გამომდინარე დამიძახეს მე“.
ვინ არის დავით სუჯაშვილი?
დავით სუჯაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის პირველი უფროსი იყო დაზვერვის სამსახურისათვის.
ის 2013 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა და შეცვალა გელა ბეჟუაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი (მათ შორის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი).
მანამდე, 2012 წლის ბოლოდან, დავით სუჯაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; ხოლო იქამდე, – 1999 წლიდან, – სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა დაზვერვის სამსახურში.
დავით სუჯაშვილი 2013 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.
ამ პოსტიდან ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადავიდა და იმუშავა 2024 წლის 3 დეკემბრამდე.
სუჯაშვილმა 2021 წლის 21 მარტს ქართველი მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღის მისალოც ფეისბუკ-პოსტზე რუსი მესაზღვრის ფოტო დაურთო: „ვულოცავ ყველა მესაზღვრეს დღევანდელ დღეს“, – დაწერა მან.
მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და თქვა: „გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა“.
რა თქვეს სხვა მაღალჩინოსნებმა?
ამ საკითხზე არაერთი მაღალჩინოსანი გამოჰკითხეს.
· „მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის, და, მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში“, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ წინა დღეს, 23 ივლისს.
· „როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. არც თავდაცვის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან და არც პრეზიდენტისგან, არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია“, – ეს სიტყვები კი ეკუთვნის თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაიას.
· „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“, – ასე უპასუხა პროკურატურიდან გამოსულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, საგუშაგოს აღმართვისას კი სუს-ის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 14 ივნისს.
ჯერჯერობით ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ამ საკითხზე გამოჰკითხეს და თქვა, რომ წინასწარ იყო ინფორმირებული, არის მაია ცქიტიშვილი.
ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი იყო „ქართული ოცნების“ მთავრობაში.
მან 17 ივნისს თქვა, რომ მისთვის „ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო“.
„ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდი“ და გამოძიება
„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, გიორგი გახარიას ყოფილი თანაგუნდელები – „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერები და წევრები ამბობენ, რომ ექსპრემიერმა, ამჟამად ოპოზიციონერმა გიორგი გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ აღმართა.
პარტიის თანახმად, შედეგად დაიკარგა დამატებითი ტერიტორიები და ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგა. პარტია გახარიას ომის მიზანმიმართულ გამოწვევაშიც სდებს ბრალს.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხის განხილვა სადავო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ [„წულუკიანის კომისია“] 14 აპრილს დაიწყო და თავად გიორგი გახარიაც გამოჰკითხა – ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ივანიშვილის პარტიის წევრები მოღალატეს ეძახიან და ამბობენ, რომ ზურგს „დიპ სტეიტი“ უმაგრებს.
გიორგი გახარია რამდენიმე კვირაა, საზღვარგარეთაა.