“კარგია, თვითლუსტრაციაა” – კალაძე მერიის თანამშრომლების განცხადებას ეხმაურება

თბილისის მერი, მერიის თანამშრომლებს, რომლებმაც ოცნების ანტიევროპული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ წინა კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადეს.
კალაძემ თანამშრომლების განცხადებას თვითლუსტრაცია უწოდა.
“ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა”, – განაცხადა კალაძემ.
გუშინ, თბილისის მერიის თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებასა და მის გამომწვევ ყველა მიზეზს ემიჯნებიან.
მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.