რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს “გააქტიურების ტენდენციები” ახასიათებს.
“მოხარული ვიქნებოდით, დიპლომატიური ურთიერთობა რომ აღგვედგინა. ჯერჯერობით, ისტორიული მიზეზების გამო, თბილისში მოქმედებს შვეიცარიის საელჩოს განყოფილება, რომელიც შედგება ჩვენი დიპლომატებისგან. სწორედ ასე ჰქვია, ისე, როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს განყოფილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. იქ მუშაობენ ქართველი დიპლომატები. ანუ მთლიანობაში ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია გააჩნია.” – თქვა კარასინმა.
რუსმა მაღალჩინოსანმა შეაქო ქართული ოცნებაც.
“ვთვლით, რომ ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად გაიზარდა. საქართველო გამოირჩევა პასუხისმგებლობიანი მიდგომებით. მას სხვისი ინტერესებისთვის ბრძოლა აღარ სურს. ეს აღიქმება დადებითად რუსეთის საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ნელ-ნელა ლაგდება ტურიზმიც და ქართველი ტურისტების ვიზიტები ჩვენთან.” – თქვა კარასინმა.
კარასინის მტკიცებით, თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის “კარგად ესმით”. მისივე თქმით, კარგი იქნება რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხის გადაჭრა, მაგრამ თუ აქამდე “განვითარდება რეალური ურთიერთობა იარლიყების გარეშე”, მისთვის ესეც მისაღები იქნება.
“იდეალური იქნებოდა ახლა გადაჭრილიყო დიპლომატიური ურთიერთობის სრულად აღდგენის საკითხი. მაგრამ, თუ ეს სამომავლოდ გადაიდება და აქამდე განვითარდება რეალური ურთიერთობა იარლიყების გარეშე, ესეც მისაღებია. ვფიქრობ, რომ თბილისსა და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, რომ მათ ხელი არ შეუშალონ, ამ ურთიერთობაში განხეთქილება არ შეიტანონ იმავე ევროპელებმა, რომლებიც ახლა თავს ევლებიან და აძალებენ ზელენსკის სულელური ქმედებების ჩადენას. სწორედ ისინი ცდილობენ საქართველოს ხელში ჩაგდებას.” – თქვა კარასინმა.
რუსი მაღალჩინოსანი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განვითარებასაც.
“დაყენებულია საკითხი იმის შესახებ, რომ მომავალში გააქტიურდეს ავიამიმოსვლა, მათ შორის პირდაპირი რეისებიც. ერთი სიტყვით, პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მისი დაჩქარება საჭირო არაა.” – თქვა კარასინმა.