რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის მეთაური, გრიგორი კარასინი ირწმუნება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის იჯარით გადაცემის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა “გარედან” არის წახალისებული.
“ხმაურს იწყებენ ე.წ. მეგობრები, მათთან არიან რაღაც ქვეყნები, რომლებიც ამით დაინტერესებული არიან… ცხადია, რომ არეულობა ხელოვნურად არის წაქეზებული გარედან”. – თქვა კარასინმა.
აქამდე, 27 დეკემბრის გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის რატიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად იმართებოდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ამ პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. ამავე დღეს მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.
2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვის საკუთრებაში გადაცემაზე. ხელშეკრულების რატიფიკაციის განხილვას ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.
2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადაფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.