ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერება თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. კაპიტალის ბაზრები კომპანიებს ალტერნატიულ დაფინანსების წყაროებს სთავაზობენ, რაც ინოვაციების დანერგვასა და ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს. კაპიტალის ბაზრების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, სადაც ტრადიციული საბანკო დაფინანსება დომინირებს და კომპანიებს კაპიტალის მოზიდვის მექანიზმებზე ხშირად არ აქვთ წვდომა.
საქართველო, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ, შეიძლება უკვე მივიჩნიოთ ამ მიმართულებით რეგიონის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა ამ პროცესში გალტ & თაგარტის მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით განხორციელებული კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა იყო. მისი წარმატების ფონზე, პროგრამის მასშტაბები გაფართოვდა – დღეს გალტ & თაგარტი იმავე პროგრამას სომხეთში ადგილობრივ პარტნიორ Ameria Management Advisory-სთან ერთად ახორციელებს.
ინტერვიუში გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსიურგვიამბობს სომხეთში მიმდინარე პროგრამის მიზნებსა და სტრუქტურაზე, დაგროვებულ გამოცდილებაზე, სომხური ბაზრის თავისებურებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს ინიციატივა ნიციატი კომპანიებს.
გვიამბეთ სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამისა და მისი ძირითადი მიზნების შესახებ.
პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან (EU) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD), რომლებიც პროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები არინ. სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მსგავსი პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა საქართველოში. პროგრამას ვახორციელებთ ჩვენ- გალტ & თაგარტი, სომხეთში ჩვენ პარტნიორთან, Ameria Management Advisory-სთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანი სომხეთის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისად, ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობის ზრდაა. ეს კი ადგილობრივი კომპანიებისთვის ემისიის ხარჯების თანა-დაფინანსების, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით არის შესაძლებელი.
რა როლს ასრულებს Galt & Taggart ამ ინიციატივაში და რამდენად საინტერესოა თქვენთვის გამოცდილების გაზიარების პროცესი რეგიონული მასშტაბით?
ჩვენი როლი ბაზრის გაანალიზება, შესაბამისი ხელშემწყობი პროგრამის შემუშავება, განხორციელება და ადგილობრივი კომპანიებისთვის მათზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევაა. ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა Ameria Management Advisory-სთან კოლაბორაცია და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება – სომხეთის კაპიტალის ბაზრისა და ზოგადად, კორპორატიული სექტორის ნიუანსების გაანალიზება და საქართველოს ბაზართან შედარება. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური კავშირების მასშტაბი და ხარისხი საქართველოსა და სომხეთს შორის. იმედი გვაქვს, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულობა კიდევ უფრო გააღრმავებს ცოდნას და ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის მასშტაბებს გაზრდის.
ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა საქართველოში. რა იყო ის ძირითადი გამოცდილება, რომელსაც სომხეთში პროგრამის განხორციელებისას მხედველობაში მიიღებთ?
პროგრამა განხორციელებისას ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეთ, რასაც ახლა აქტიურად ვიყენებთ სომხეთში. საქართველოში ამ პროგრამაში მონაწილე კომპანიების უმეტესობა პირველად გამოჩნდა კაპიტალის ბაზარზე. რამდენიმე კომპანიამ კი იმ მომენტისთვის ინოვაციური – მწვანე და სოციალური (ESG) კომპონენტის მქონე ფასიანი ქაღალდები განათავსა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი იმ მომენტისთვის კაპიტალის ბაზრის მონაწილე კომპანიების რაოდენობაზე ორჯერ მეტმა კომპანიამ გამოთქვა. მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, ვფიქრობთ, ბაზრის მონაწილეებთან ეფექტური კომუნიკაციით კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გასვლა შესაძლებელია.
