კაპაძის ხელმძღვანელობით – უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

აზიის კონფედერაციის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა, მეცხრე ტურში უზბეკეთის ნაკრები სტუმრად ფრედ (0:0) ეთამაშა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
უზბეკეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი ტიმურ კაპაძეა. ის აგრეთვე პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით უზბეკეთმა ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
ტიმურმა ადრე განაცხადა, რომ თურქი მესხია, მისი წინაპრები საქართველოდან შუა აზიაში სტალინური რეპრესიებისას გადაასახლეს, გვარად კოპაძეები არიან, მაგრამ დოკუმენტებში გვარი შეცდომით ჩაუწერეს. ის ფერგანაში დაიბადა, სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა, ნახევარმცველი იყო, ნაკრებში კი 119 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
დღეს უზბეკეთში დიდი ზეიმია. ნაკრებს გამარჯვება ქვეყნის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა მიულოცა: “გააგრძელეთ გამარჯვების გზა, ჩემო ძვირფასო ბავშვებო”.
sportall.ge