ოცნების ახალი კანონპროექტით, 6 წლამდე ავტომობილების განბაჟება ძვირდება.
განბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრება. აქამდე ცნობილი გახდა, რომ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება. კანონპროექტის დოკუმენტის გამოქვეყნებით ირკვევა, რომ აქციზის მატება 6 წლამდე ავტომობილებსაც შეეხება.
“კანონპროექტის ძირითადი არსია მსუბუქ ავტომობილებზე (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიცია) დაწესებული აქციზის დაბეგვრის მოდელის ცვლილება, რაც ითვალისწინებს 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე, ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესებას, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას. აღნიშნული მიზნით, სსკ-ის 188-ე მუხლს ემატება მე-12 და მე-13 ნაწილები, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება, ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით”. – ნათქვამია დოკუმენტში.
მოქმედი ტარიფით, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღრვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.
ცნობისთვის, 12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ცვლილება 1 აპრილიდან შედის ძალაში – დარახველიძე მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე



