„კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად“ – ირაკლი კობახიძე

„კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად“ –
პრემიერის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ე.წ. რუსული კანონის მიღება ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ბლოკში საქართველოს გაწევრიანებას.
„ხაზი უნდა გაესვას, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.
აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა”. – თქვა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.
„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში. ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან გამოვიარეთ ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი საქართველოში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და მედიასაშუალებების შესრულებით. ამ ქვეყანას სჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.